ახალი ამბები

ჟენევაში ვმო–ზე ქართულ–რუსული მოლაპარაკებები დასრულდა

ჟენევაში 24 იანვარს გამართული ქართულ–რუსული მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების საკითხებს მიეძღვნა, საქართველომ მოხსნა ყველა მოთხოვნა რუსეთის მიმართ გარდა თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბაჟო–გამშვები პუნქტების ლეგალიზაციისა, იტყობინება “რია ნოვოსტი“ 25 იანვარს რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.


ოფიციალურ თბილისს მოლაპარაკებების შედეგებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.


“გადაუწყვეტელი რჩება საკითხი, რომელიც უკავშირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკონტროლო გამშვები პუნქტების ფუნქციონირებას. ამ მოთხოვნას ქართული მხარე აფასებს, როგორც ჩვენს ვალდებულებას აღებულს 2004 წელს დადებული ორმხრივი შეთანხმებით რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე“, – აცხადებს რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ინკოგნიტო წყარო.


რუსული მხარე თბილისის მიერ სხვა მოთხოვნების, მათ შორის რუსეთში 2006 წლის მარტიდან აკრძალული ქართული ღვინისა და მინერალური წყლების  ექსპორტის განახლების საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნას კონსტრუქციულად აფასებს.


რუსული მხარის ცნობით, ერთი თვის განმავლობაში მხარეები საზღვარზე გამშვები პუნქტების ფუნქციონირების თაობაზე გაცვლიან დოკუმენტებს და დააზუსტებენ სხვა იურიდიულ დეტალებს. მომდევნო შეხვედრა სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება.

რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე მრავალმხრივი მოლაპარაკებები საქართველომ 2006 წლის ოქტომბერში დაბლოკა რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ემბარგოს ფონზე.

Back to top button