
ვეტერანები სოციალური შეღავათების აღდგენის მოთხოვნით აქციებს მართავენ
ძალოვანი უწყებების პენსიონერები და ომის ვეტერანები მეორე დღეა სოციალური შეღავათების აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ პარლამენტისა და კანცელარიის შენობების წინ.
მათ დღეს ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
პენსიონერების მოთხოვნაა აღდგეს ტრანსპორტზე და კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათები.
პენსიონერებისთვის შეღავათების გაუქმება ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა 24 იანვარს უარყო და განაცხადა, რომ 2007 წლიდან ხელისუფლებამ კომუნალური შეღავათების მონეტიზაცია განახორციელა, რაც პენსიასთან ერთად გაიცემა.
16 სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებზე საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად ფულადი კომპენსაციების ოდენობას, რომელიც 7–დან 44 ლარამდე მერყეობს, საქართველოს მთავრობის 11 იანვრის დადგენილება განსაზღვრავს.
ჭიპაშვილის თქმით, შეღავათების მონეტიზაციისთვის ბიუჯეტში 28 მლნ ლარია გათვალისწინებული.