
ევროკავშირი მზად არის კონფლიქტების მოგვარების მიზნით პროექტები განახორციელოს
ევროკავშირის შემსწავლელმა მისიამ 15–22 იანვარს საქართველოში ვიზიტის დასასრულს აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში განახორციელოს გარკვეული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
ევროკავშირის დელეგაციამ ევროკომისიის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და აზიის დირექტორატის დირექტორის ჰიუ მინგარელის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან.
დღეს ევროკომისიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პიტერ სემნებიმ
განაცხადა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების საქართველოს კონფლიქტურ ზონებში განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა.
“მიზანი იყო, რომ ეს პროექტები, რომელიც ხორციელდება საქართველოსთან მიმართებაში და რომელიც ამიერიდან უნდა უნდა განხორციელდეს, გავრცელდეს ისეთ კონკრეტულ რეგიონებზე როგორიც არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა ამან ხელი შეუწყოს კონფლიქტების დარეგულირებას ამ რეგიონში. ეს ყველაფერი ემყარება იმ უდაო ფაქტს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა პიტერ სემნებიმ.
“ჩვენ ჩვენის მხრივ ვერ დაუშვებთ, რომ იყოს უძრაობა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოში გერმანიის, ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ელჩმა პატრიცია ფლორმა.
პიტერ სემნების თქმით, ამ პროექტებისების განხორციელებაში თბილისთან ერთად უნდა ჩაერთონ სოხუმი და ცხინვალიც.
ამავდროულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პროექტების კოორდინაცია საქართველოს მთავრობას დაექვემდებარება.
პროექტები ორიენტირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე, ვაჭრობის განვითარებაზე, ასევე დემილიტარიზაციასა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე.
სემნების თქმით, პროექტების განხორციელება დაიწყება მას შემდეგ, რაც მისიის ვიზიტის შედეგები რამდენიმე კვირაში ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება.
პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე თუ სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში ევროკავშირის მხარე რომელ ხელისუფლებასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს – დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითთან, თუ ალტერნატიულ პრეზიდენტ დიმიტრი სანაკოევთან, ვერც პიტერ სემნებიმ და ვერც საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდიმ კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.
პერ ეკლუნდის განმარტებით, “არც ერთი ამ ორი ალტერნატივიდან არ არის კანონიერი“.