ახალი ამბები

რუსეთის ელჩი თბილისში ბრუნდება

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 18 იანვარს შეხვედრა გამართა რუსეთის ელჩთან საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოსთან გაირკვა, რომ რუსეთის ელჩი საქართველოში ბრუნდება.


კრემლმა ელჩი საქართველოდან შარშან სექტემბრის მიწურულს მას შემდეგ გაიწვია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი რუსი ოფიცერი დააკავა. რუსი ოფიცრები 2 ოქტომბერს გაათავისუფლეს.


18 იანვარს გამართული სატელეფონო საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განუცხადა მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს, რომ თბილისი მიესალმება მოსკოვის გადაწყვეტილებას დააბრუნოს სექტემბერში თბილისიდან გაწვეული ელჩი.


ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ აპირებს საქართველოსთან ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარებას.


“სამწუხაროდ ბოლო წლებში რუსეთი და საქართველო ცნობილ პრობლემებს წააწყდნენ. ამასთან, გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტთან მივაღწიეთ შეთანხმებას ნაბიჯებზე, რომელიც მიმართულია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისაკენ. პირველი ხელშესახები ნაბიჯი გახდა 2006 წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმება საბაზრო ფასად საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდებაზე. ორივე მხარემ აიღო თავის თავზე ვალდებულებები და რუსეთი მათ ასრულებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


პრეზიდენტი სააკაშვილი თავის რუს კოლეგას მინსკში 28 ნოემბერს გამართული დსთ-ს სამიტის ფარგლებში შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას “სასარგებლო საუბარი” ჰქონდა პუტინთან.


რუსეთის პრეზიდენტმა ლავროვთან და კოვალენკისთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ რუსულ–ქართული ურთიერთობების საბოლოო მოწესრიგებამდე კიდევ ბევრია გასაკეთებელი და “სამუშაო იქნება რთული“.


ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის “მზარდ როლს“ პოსტ–საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში, რაც მისი თქმით, რუსული დიპლომატიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 


“ჩვენ მომავალშიც მივმართავთ სათანადო ზომებს, რომელსაც მოელიან ამ [კონფლიქტურ] ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, რათა ეს პრობლემები ყველაზე საუკეთესოდ, სამართლიანად მოგვარდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.


პუტინმა რუსეთის ელჩს განუცხადა, რომ ის ბრუნდება ქვეყანაში, რომელთანაც რუსეთს “არა მარტო განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს, არამედ საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა”.


“გარდა ამისა, საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს საერთო ბედი ჰქონდათ”, – განაცხადა პუტინმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ქართველ კოლეგას გელა ბეჟუაშვილს 18 იანვარს გამართული სატელეფონო საუბრისას მოსკოვის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.


“სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა აგრეთვე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური თემები და პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის გზები. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ამ მიზნით თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზში.


“ჩვენ მზად ვართ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის რუსეთის ელჩთან”, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა “ინტერფაქსთან” ინტერვიუში.


“ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ გადაწყვეტილება რუსეთის ელჩის გაწვევის თაობაზე გაუმართლებელი და არასწორი იყო”, – დასძინა მან.  

კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ რუსეთმა შესაძლოა მოხსნას საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სანქციები.


რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობამ პიკს გასული წლის სექტემბრის მიწურულს მიაღწია, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 4 რუსი ოფიცერი დააკავა და მოგვიანებით რუსეთს გადასცა. ამის საპასუხოდ კრემლმა ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო მოსკოვში “კონსულტაციებისთვის” გაიწვია, ასევე საელჩოს თანამშრომლების ნაწილობრივი ევაკუაცია მოახდინა და შეწყვიტა ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა და საფოსტო კავშირი საქართველოსთან.

Back to top button