ახალი ამბები

ევროკავშირის დელეგაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოში მყოფი ევროკავშირის დელეგაცია დღეს ცხინვალს ესტუმრა, სადაც შეხვედრა გამართა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან და სხვა დე ფაქტო ხელძღვანელებთან, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობენ ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელი ჰიუ მინგარელი და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები. ცხინვალში ასევე იმყოფებოდა ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში როი რივი.


ოსური მხარის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტის მოგვარების  და ევროკავშირის, როგორც დონორის მიერ მხარდაჭერილი, კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხები.


“სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტები განსაზღვრულ ვადებში განხორციელდეს“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა შეხვედრაზე.


ბრიუსელში შარშან ივნისში გამართულ კონფერენციაზე დასავლელმა დონორებმა სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ევრო გამოყვეს.

Back to top button