skip to content
ახალი ამბები

ჟან არნომ სოხუმში შეხვედრები გამართა

საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჟან არნო 11 იანვარს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხები და ბოლო დროს გალის რაიონში გართულებული ვითარება განიხილა.


ეს შეხევედრა შედგა მას შემდეგ, რაც გასული წლის მიწურულს კონფლიქტის ზონაში 2 აფხაზი მილიციელი და ერთი ქართველი პოლიციელი იქნა მოკლული სამი სხვადასხვა ინციდენტის დროს.


“ყველაფერი ეს შეგვახსენებს იმას, რომ უსაფრთხოების კუთხით უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად… ჩვენ გვესმის, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა პოლიტიკური დიალოგის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ მიიღწევა და იმედს გამოვთქვამთ, რომ 2007 წელი იმისგან განსხვავებული იქნება, რაც იყო უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში“, – იუწყება “აფსნიპრესი“ ჟან არნოს სიტყვებზე დაყრდნობით.


ბოლო 6 თვის მანძილზე, მას შემდეგ, რაც თბილისმა ზემო კოდორის ხეობაში კონტროლი განამტკიცა, მოლაპარაკებები მხარეებს შორის შეწყდა. აფხაზური მხარე აცხადებს, რომ დიალოგზე მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც კოდორიდან თბილისი თავის ძალებს გაიყვანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button