ახალი ამბები

ოპოზიციის დიდი ნაწილი ახალ კონსტიტუციაზე პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა

ოპოზიციური სპექტრის დიდმა ნაწილმა ახალი კონსტიტუციური პროექტის შექმნის მიზნით ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, ნაწილი კი პრეზიდენტის ამ ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდა.


10 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც საერთო საზოგადოებრივი თანხმობის საფუძველზე “უახლოეს წლებში“ დაწერს ახალ კონსტიტუციას და ამ მიზნით ოპოზიციას თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.


ოპოზიციონერი დეპუტატების ერთმა ჯგუფმა ფრაქცია დემოკრატიული ფრონტიდან კოკა გუნცაძემ, კახა კუკავამ და ზვიად ძიძიგურმა დიალოგის სურვილი გამოთქვეს, თუმცა იმ პირობით, თუ ახალი კონსტიტუცია 2008 წლის არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.


ძიძიგურის ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი ორი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ აქცენტს გააკეთებს იმაზე, რომ ქვეყანა საპარლამენტო მოდელზე უნდა გადავიდეს და “შემდეგ უკვე მოგვევლინება პრემიერ–მინისტრის რანგში“.
 
“იმისათვის, რომ ეს ვარაუდი და შესაძლებლობა გამოვრიცხოთ, ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ მზად ვართ ახალ კონსტიტუციაზე სამუშაოდ, მხოლოდ 2008 წლის არჩევნებამდე ეს კონსტიტუცია უნდა იყოს შემუშავებული, მიღებული და მისი ამოქმედება უნდა მოხდეს 2008 წლის არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა.


კოკა გუნცაძე კი გამოთქვამს იმედს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა არ იქნება  “დემოკრატიის მორიგი იმიტაცია“.


“მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და დიალოგისთვის იმ საკითხზე, რომელიც ეხება ხელისუფლების დანაწილებას, პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთშეკავების და წონასწორობის  მექანიზმების დანერგვას. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისათვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეაჩერებს ქვეყანაში ძალადობას და და უსამართლობას“, – განაცხადა გუნცაძემ 11 იანვარს.


ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის კახა კაციტაძის განცხადებით, მისი ფრაქცია მზად არის თანამშრომლობისათვის და იმ საკონსტიტუციო წინადადებების წარსადგენად, რომელზეც უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ახალ მემარჯვენეებს.


ხელისუფლებასთან თანამრომლობის სურვილი გამოთქვეს ასევე ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა და მრეწველთა პარტიებმაც.


პრეზიდენტის ინიციატივას ყველაზე სკეპტიკურად ახლად შექმნილი ოპოზიციური ჯგუფი სახალხო ფორუმი შეხვდა, რომლის ლიდერმა კახა შარტავამ 11 იანვარს მოუწოდა დანარჩენ ოპოზიციას, რომ არ წავიდეს დიალოგზე ხელისუფლებასთან, რომელიც შეეცდება კონსტიტუცია საკუთარ ინტერესებს მოარგოს.


“ხელისუფლება ახლა გვატენის ახალ კონსტიტუციას, რომელზეც მუშაობას თურმე წლები სჭირდება და ამ უმსგავსო საქმის კეთებაში სურს ჩართოს ოპოზიცია… ჩემი თხოვნა იქნებოდა ოპოზიციისადმი, რომ არავითარ შემთხვევაში ასეთი ვარიანტით დიალოგზე წასვლა არ შეიძლება“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა შარტავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button