ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 იანვარს ხელი მოაწერა კანონს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ და განაცხადა, რომ ახალი კანონი „არის წინგადადგმული ნაბიჯი საკონსტიტუციო სტაბილურობისაკენ“. ხელმოწერის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცა.


პარლამენტის მიერ 27 დეკემბერს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად, 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე შუალედში ჩატარდება. არჩევნების ზუსტ თარიღს პრეზიდენტი განსაზღვრავს. ცვლილებების შედეგად ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა სულ ცოტა ექვსი თვით გახანგრძლივდება, ხოლო სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა კი სამი–ექვსი თვით შემცირდება, რაც არჩევნების ზუსტ თარიღზეა დამოკიდებული.


ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პრეზიდენტს ასევე აღარ ექნება უფლება დანიშნოს ან გაათავისუფლოს მოსამართლეები.


პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ამცირებს პრეზიდენტის ხელისუფლებას და აძლიერებს სასამართლო სისტემას.


“მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპრეზიდენტო ძალაუფლების შემცირება პრეზიდენტის ინიციატივით მოხდა“, – განაცხადა სააკაშვილმა კანონის ხელმოწერის დროს, რომელსაც ასევე დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და პარლამენტარები ნაციონალური მოძრაობიდან.


სააკაშვილის თქმით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარება ძირითადად განაპირობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ერთი და იგივე ძალით წარმოდგენის სურვილმა, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო შიდა დაპირისპირება სახელმწიფო სტრუქტურებს შორის იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის გადანაწილდება.


“იმიტომ რომ ხელისუფლების ნაწილები ამ პატარა ქვეყანაში, რომლებიც მუდმივ დროს ატარებენ ერთმანეთთან ქიშპში, იქნება სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


თავდაპირველად, 2006 წლის ოქტომბერში, როდესაც სააკაშვილი არჩევნების ერთდროულად ჩატარების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა, მან ამის მოტივად, ენერგიის და ფულის დაზოგვა დაასახელა, რადგანაც “არ არის საჭირო არჩევნების წელიწადში ერთხელ ჩატარება“.


მოგვიანებით, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა განიხილა, კანონმდებლებმა ნაციონალური მოძრაობიდან ეს იმით ახსნეს, რომ მათ სურდათ თავიდან აეცილებინათ რუსეთის პოტენციური ჩარევა საქართველოს საარჩევნო პროცესში. მმართველი უმრავლესობის არგუმენტით, არსებობს “სერიოზული რისკი“ იმისა, რომ მოსკოვი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებით მანიპულირებას მოახდენს რუსეთში 2008 წლის მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. 


თუმცა, სააკაშვილმა 10 იანვარს განაცხადა, რომ იგი არ მიიჩნევს ამ ორ მიზეზს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების ძირითად მოტივად. 


ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა ეს ინიციატივა გააკრიტიკეს, რადგანაც ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება მან სულ ცოტა ექვსი თვით გაახანგრძლივა.


ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივები არ არის ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების გახანგრძლივების გამართლება.


ვენეციის კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ სამთვიანი ვადა, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე,  როცა პრეზიდენტს შეუძლია არჩევნები დანიშნოს, “გადამეტებულია“.


თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 იანვარს განაცხადა, რომ “ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის აზრი იყო მთლიანობაში დადებითი და მხარდაჭერითი“.


ახალი კონსტიტუცია


მიხეილ სააკაშვილმა 10 იანვარს ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას “ფუნდამენტური დახვეწა” სჭირდება და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლება მზად არის შექმნას ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც “ახალ კონსტიტუციას დაწერს უახლოეს წლებში“.


“ამ კონსტიტუციას აქვს ბევრი ხარვეზი და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ შეიძლება დავწეროთ თანამედროვე ევროპული ქვეყნის უმაღლესი სტანდარტების დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც გააგრძელებს დემოკრატიზაციის იმ პროცესს, რომელიც დაწყებულია“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის გზით უნდა განხორციელდეს.


“ამიტომ არ მოვახვევთ საზოგადოებას თავს ახალ კონსტიტუციას, ან თუნდაც ახალი კონსტიტუციის იდეასაც კი. ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე წელიწადი, ეს არის დიდი პროცესი და ჩვენ უნდა ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.  


“თუ არ იქნა კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის, ახალი კონსტიტუციის მიღების გზით არ წავალთ“, – დასძინა პრეზიდენტმა. 

მსგავსი/Related

Back to top button