
გაეროში საქართველოს ელჩი რუსი კოლეგის წინადადებებს პასუხობს
გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ვის გულისხმობს რუსეთის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინი, როცა აცხადებს, რომ რუსული მხარე აპირებს 2007 წლის აპრილში გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის საკითხის განხილვისას “აფხაზეთის ხელმძღვანელები” მიიწვიოს.
“ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ რუსული მხარის ზემოხსენებული ინიციატივის შედეგი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ რეგიონში ისედაც დაძაბული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია… იმ სახელმწიფოსათვის [რუსეთი], რომელიც არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ხოლო ამჟამად მისი თავმჯდომარეც, რომელსაც აქვს პრეტენზია, ამ კონფლიქტში შეასრულოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი მხარის როლი, ცხადი უნდა იყოს, რომ ამ რეგიონში ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლებაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც წარმოადგენს 300 000-დე ადგილნაცვალ პირს, რომელსაც ძალით აიძულეს დაეტოვებინათ საკუთარი სახლები“, – იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 10 იანვარს ირაკლი ალასანიას სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსული საინფორმაციო საშუალებებით 9 იანვარს გავრცელებულ კომენტარში, ვიტალი ჩურკინი არ გამორიცხავს, რომ აპრილში, როცა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის ვადის გაგრძელების საკითხზე მორიგი რეზოლუციის განხილვა იგეგმება, უშიშროების საბჭოს წევრებთან გასაუბრების მიზნით აფხაზეთის წარმომადგენლები მიიწვიოს. ამასთან, ჩურკინი ხაზს უსვამს, რომ მისი ეს ინიციატივა არ ეხება უშიშროების საბჭოს 24 იანვრის სხდომას, რომელიც აფხაზეთზე შუალედურ მოხსენებას მოისმენს.
ვიტალი ჩურკინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო სრულად არ ასრულებს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ოქტომბერში იქნა მიღებული.
“ქართული მხარე პირნათლად ასრულებს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მოთხოვნებს. კოდორის ხეობაში (ზემო აფხაზეთი) არ იყო და არც ამჟამად იმყოფება საქართველოს შეიარაღებულ ძალები, რაც დაადასტურა ხეობაში ბოლო თვეებში განხორციელებულმა პატრულირებამ, რომელშიც სხვათაშორის დსთ-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას“, – აცხადებს გაეროში საქართველოს ელჩი.