
საქართველოს გაზით კვლავ რუსეთი მოამარაგებს, რადგან შაჰ–დენიზის გაზის მიღება ფერხდება
იმის გამო, რომ შაჰ–დენიზის საბადოდან გაზის მიღება “ტექნიკური მიზეზებით“ ფერხდება, საქართველო 2007 წლის დასაწყისში კვლავ ძვირ რუსულ გაზს მოიხმარს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.
პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ 22 დეკემბერს პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან საქართველოს გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება, მთავარ პრობლემად ძვირი რუსული გაზი რჩება, რომლის ფასი ათას კუბმეტრზე 110 აშშ– დოლარიდან 2007 წელს 235 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
მთავრობა ამჟამად ეძებს გზებს, რათა მოსახლეობას გაზის გაძვირების სიმძიმე თავიდან აარიდოს.
ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, მთავრობა ამ მიზნით ბიუჯეტიდან სუბსიდირებას გეგმავს.
“თქვენ იცით ჩემი აზრი, რომ ყოველგვარი სუბსიდიების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს გადადგას გარკვეული ნაბიჯები სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დასაცავად“, – განუცხადა 22 დეკემბერს ჟურნალისტებს კახა ბენდუქიძემ.
ნოღაიდელის განცხადებით, მან უკვე მიმართა პარლამენტს თხოვნით ბიუჯეტის განხილვა 27–დან 29 დეკემბრისათვის გადაიდოს, “რათა მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა შესაბამისი შესწორებები შეიტანოს ბიუჯეტის პროექტში“.
დეპუტატთა უმრავლესობა, მათ შორის ოპოზიციიდან, როგორც ჩანს, პოპულისტური მოტივებით მხარს დაუჭერს გაზის ტარიფის ბიუჯეტიდან სუბსიდირებას სულ მცირე ზამთრის პერიოდში.
“რადგან ეს არის ფორსმაჟორი და მე არ ვიცი რამდენად ავარიის მიზეზით თუ სხვა მიზეზით მოხდა ეს, ყველა ვარიანტში ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში კომპენსაცია უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან და ეს არ აისახოს გაზის და ელექტროენერგიის ტარიფზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
ფრაქცია მრეწველების ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მთავრობას ჯერ არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა ფორმით მოხდება გაზის გაძვირებული ფასის ბიუჯეტიდან სუბსიდირება.
იმავდროულად, ანკარაში საქართველოს და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ნიკა გილაურმა და ჰილმი გიულერმა 22 დეკემბერს გააფორმეს ხელშეკრულების ოქმი, რომლის მიხედვითაც შაჰ–დენიზის გაზსადენიდან საქართველო თურქეთის წილიდან 800 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ ენერგეტიკის სამინისტროში აცნობეს. თუმცა თურქული წყაროები ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ახმოვანებენ.
თუმცა ამ ეტაპზე კვლავ კონფიდენციალური რჩება შაჰ–დენიზის გაზის ფასი.
ამდენად, საქართველოს 2007 წელს თურქეთის წილიდან ექნება 800 მლნ კუბამეტრი შაჰ–დენიზის გაზი, რასაც დაემატება პირვანდელი კონტრაქტით საქართველოსთვის გათვალისწინებული 250 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.
მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია აზერბაიჯანულ მხარესთან. ამ მიზნით პრემიერ–მინისტრი ნოღაიდელი 25 დეკემბერს ბაქოში მიემგზავრება, სადაც აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, როგორც თავად აღნიშნა, “ტექნიკურ საკითხებს“ შეათანხმებს.
22 დეკემბერს “გაზექსპორტის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე მედვედევმა განაცხადა, რომ უკვე გაფორმდა საქართველოში მოქმედ სამ კომპანიასთან კონტრაქტები 2007 წელს მთლიანობაში 1,1 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდების თაობაზე.
ამ კომპანიებიდან ერთ–ერთი თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანია “ყაზტრანსგაზია“, რომელმაც “გაზპრომთან“ სამ–თვიანი შეთანხმება დადო.
დანარჩენი ორი კომპანიაა: “საქცემენტი“, რომელიც 250 მლნ კუბამეტრ გაზს მოიხმარს და “თელასის“ მეპატრონე რუსული კომპანია, რომელსაც 300 მლნ კუბური მეტრი გაზი სჭირდება წლიურად მის მფლობელობაში არსებული გარდაბნის მე–9 ენერგობლოკის ფუნქციონირებისათვის.