ახალი ამბები

ვენეციის კომისიის დასკვნები პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე არ გაითვალისწინა

პოლიტიკური მოტივი არ არის საკმარისი ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასაგრძელებლად, ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.


პარლამენტმა ამ დასკვნის გაცნობის შემდეგ  22 დეკემბერს მეორე მოსმენით უყარა კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის შუალედში შემდეგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ითვალისწინებს. არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს. ეს დებულება პარლამენტის უფლებამოსილების ვადას დაახლოებით 8 თვით ზრდის, ხოლო პრეზიდენტის ვადას ამცირებს.


ვენეციის კომისიის თანახმად, კონსტიტუციის ეს შესწორება პოლიტიკურად ყველაზე “მნიშვნელოვანი და სადავოა“.


“ამგვარი შესწორების დამაჯერებელი საკონსტიტუციო გამართლება იქნებოდა იმის კონსტიტუციურ ნორმად დაწესება, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ყოველთვის ტარდებოდეს ერთდროულად და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ამგვარ დებულებას არ შეიცავს“, – აცხადებს ვენეციის კომისია.


საკონსტიტუციო ცვლილებებში ნათქვამია, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად მხოლოდ 2008 წელს ჩატარდება.


ვენეციის კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სამ თვიანი ვადა, როცა პრეზიდენტს შეუძლია არჩევნები დანიშნოს, “გადამეტებულია“.


“არჩევნების თარიღის დანიშვნა არ არის ნეიტრალური პროცედურული აქტი, არამედ შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები. ამდენად, პრეზიდენტს ეს ვადა უნდა შეუმცირდეს და არ უნდა აღემატებოდეს 2–3 კვირას“, – აცხადებს ვენეციის კომისია.


ეს რეკომენდაციები პარლამენტმა საკონსსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების წინ არ გაითვალისწინა. მმართველმა უმრავლესობამ, ჯერ კიდევ რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე, ნათლად განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილება არ შეიცვლებოდა იმის მიუხედავად, თუ რა პოზიცია ექნებოდა ვენეციის კომისიას.


“ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, 2008 წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარება განპირობებულია ძირითადად საგარეო საფრთხეებით, კერძოდ რუსეთის ზეწოლით საქართველოზე.

22 დეკემბერს პარლამენტმა ასევე მეორე მოსმენით უყარა კენჭი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებს, რომელიც აჭარის უმაღესი საბჭოს შემდეგი არჩევნების ასევე 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე შუალედში ჩატარებას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button