ახალი ამბები

გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იქნება, თუმცა საქართველო სხვა წყაროებსაც შეინარჩუნებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო გაზის უმეტეს ნაწილს 2007 წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მიიღებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქვეყანამ სხვა წყაროებიც უნდა შეინარჩუნოს. 


პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ ტაიპ ერდოგანთან სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ ესაუბრა, განაცხადა, რომ იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი ქვეყნის გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით.  

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “ბევრი ტექნიკური დეტალი“ კვლავ შესათანხმებელია.

მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირას ბაქოში გაემგზავრება საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც შაჰ–დენიზის გაზის მიღების საბოლოო დეტალებს შეათანხმებს.

აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ ინტენსიური მოლაპარაკებები გამართეს შაჰ-დენიზის გაზის თურქული წილის – 2,8 მილიარდი კუბური მეტრის –   გადანაწილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი დათანხმდა თავისი წილიდან 800 მილიონი კუბური მეტრი გაზი საქართველოს დაუთმოს, ის პირობები, თუ როგორ გადაიხდის საქართველო ამ გაზის საფასურს გაურკვეველი დარჩა.


ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ შეთანხმების დეტალები თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვეოდა.


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შაჰ-დენიზი საქართველოს გაზმომარაგების “მთავარი“ და “სტრატეგიული წყარო“ იქნება, მაგრამ ქვეყანამ “სხვა წყაროებიც უნდა შეინარჩუნოს“.


სააკაშვილმა არ დააკონკრეტა ის ფასი, რასაც საქართველო შაჰ-დენიზის გაზში გადაიხდის, თუმცა აღნიშნა, რომ “გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე იზრდება“ და დაამატა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ “გადასვლა იყოს მაქსიმალურად ნაკლებად მტკივნეული“ ქართული ოჯახებისთვის.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ შაჰ-დენიზის გარდა გაზის სხვა მომწოდებლებიც უნდა შეინარჩუნოს, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ საქართველო გარკვეული რაოდენობის გაზს რუსეთისგანაც იყიდის. როგორც ჩანს, ირანული გაზის შესყიდვის ვარიანტიც ჯერ არ არის გამორიცხული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც თვის ბოლოს თეირანს ეწვევა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ირანიდან გაზის მიღების საკითხი დამოკიდებული იქნება შაჰ-დენიზის გაზზე საბოლოო შეთანხმებაზე.  


სავარაუდოდ, შაჰ-დენიზის გაზის ფასი რუსეთის შემოთავაზებაზე ნაკლები იქნება.  რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ თბილისთან შეთანხმების შემთხვევაში, კომპანია საქართველოს 1000 კუბურ მეტრ გაზს 235 აშშ დოლარად მიყიდის.


საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, საქართველო იმედოვნებს, რომ სულ ცოტა 1,05 მილიარდ კუბურ მეტრ  გაზს მიიღებს 2007 წელს შაჰ-დენიზიდან: 800 მილიონ კუბურ მეტრს თურქული წილიდან და 250 კუბურ მეტრს საქართველოს წილიდან, როგორც ამას თავდაპირველი კონტრაქტი ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო სულ ცოტა 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს “გაზპრომიდან“ რუსული გაზის სომხეთში ტრანსპორტირების სატრანზიტო გადასახადის სახით. 


1,15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი საკმარისზე მეტია 2007 წელს საქართველოს მომხმარებელთა უზრუნველსაყოფად.


საერთაშორისო კომპანია “იტერამ“, რომელიც საქართველოს რეგიონებში 150 ათას მომხმარებელს და საწარმოს ამარაგებს გაზით, განაცხადა, რომ მისმა მომხმარებლებმა 2006 წელს დაახლოებით 250 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოიხმარეს.


თბილისის გაზის გამანაწილებელმა კომპანია “ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, 2006 წელს თბილისში გაზის მოხმარებამ 380 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. თბილისში გაზის მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 266 ათასს შეადგენს. ამაში შედის საცხოვრებელი სახლები, საჯარო დაწესებულებები და საწარმოები.


თუმცა, ამ რაოდენობაში არ შედის ის გაზი, რომელსაც ზოგიერთი დიდი საწარმო, მათ შორის ქარხნები, გაზოტურბინები და თბოელექტროსადგურები, მოიხმარენ. 


საქართველოში გაზის მსხვილ მომხმარებლებს შორის არიან “საქცემენტი“ და მე-9 ბლოკი, რომლებიც ყოველწლიურად 250 მილიონ და 300 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარენ, შესაბამისად. “საქცემენტმა“ უკვე განაცხადა, რომ 2007 წლიდან ის შესაძლოა, გაზიდან ნახშირის მოხმარებაზე გადავიდეს.  

Back to top button