ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტში მაუწყებელთა ეთიკის კოდექსზე შეთანხმებას მიაღწიეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს მაუწყებელთა ეთიკის კოდექსის მიღების 6 თვით გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, გამოირიცხა ეთიკის კოდექსის დარღვევის საფუძველზე ტელეკომპანიებისათვის ლიცენზიის ჩამორთმევის შესაძლებლობა.


მაუწყებლობის შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებას პარლამენტი უახლოეს დღეებში უყრის კენჭს, რითაც თავიდან აიცილებს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან კანონის დარღვევას. კერძოდ, კანონის ამჟამინდელი ნორმით, კომისიას ეთიკის კოდექსი 2006 წლის ბოლომდე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გადადო იმის გამო, რომ ტელეკომპანიების უმეტესობისათვის კოდექსის პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა.


“ეს [მაუწყებელთა ეთიკის კოდექსი] ნორმატიული დოკუმენტი იქნება აუცილებლად იმიტომ, რომ ყველასთვის არის ეს დოკუმენტი. როგორც იმპლემენტაცია, ისე განმარტება და საქციების დაწესება ეს იქნება მაუწყებლების ავტონომიური საკითხი. ასე რომ, აქ არანაირ საფრთხეს ადგილი არ აქვს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ბოკერიამ.


“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, ეთიკის კოდექსში აისახება სახელმძღვანელო პრინციპები, რომლის საფუძველზეც თითოეული ტელეკომპანია თავად შეიმუშავებს თვითრეგულაციის მექანიზმებს.


ამავდროულად, დეპუტატები კონსულტაციებს გეგმავენ ბეჭდვით მედიის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც გადაწყდება გაუგრძელდება თუ არა პრესას მომავალი წლიდან საგადასახადო შეღავათები, რომლითაც 2005 წლიდან საგადასახადო კოდექსის საფუძველზე უკვე 2 წელია რაც სარგებლობს.

Back to top button