ახალი ამბები

პარლამენტში კერძო საკუთრების საკითხებზე დებატები გაიმართა

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან კერძო მესაკუთრეების უფლებების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის.


“პარლამენტის გადასაწყვეტია გვინდა ჩვენ ამ რეკეტის შეჩერება [კერძო მესაკუთრეების წინააღმდეგ] თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავამ.


“კერძო საკუთრება რომ ხელშეუხებელია, ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ თუ არსებობს უკანონო პრივატიზაციის ფაქტები, სამართლიანობა უნდა აღდგეს და სახელმწიფომ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.


ოპოზიციის განცხადებით, ადგილი აქვს “სახელმწიფო რეკეტს” კერძო მესაკუთრეების წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები არიან პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რათა აიძულონ მესაკუთრეები ნებაყოფლობით აჩუქონ თავიანთი ქონება სახელმწიფოს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მიმდინარეობს პრივატიზაციის შედეგების გადახედვის პროცესი, რის დამადასტურებელ კონკრეტულ დოკუმენტებსაც ფლობს. 


ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, “საფუძვლიანი ეჭვი“ ჩნდება სახელმწიფო ზეწოლასთან დაკავშირებით, როცა თბილისში, რიყეზე განლაგებული ყველა რესტორნის მფლობელს ერთდროულად უჩნდება სურვილი თავისი ქონება სახელმწიფოს აჩუქოს.


ოპოზიციონერი დეპუტატის კახა კუკავას განცხადებით, გამოძიება იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მესაკუთრე ქონების ნებაყოფლობით დათმობაზე უარს ამბობს და ამის შესახებ საჯაროდ აცხადებს.


მან მიწის მესაკუთრის იაკობ შამათავას კონკრეტული მაგალითი მოიყვანა.   19 დეკემბერს კუკავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შამათავამ განაცხადა, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უარის თქმას მცხეთის პროკურორი აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა. მეორე დღეს შამათავა პროკურატურის წარმომადგენლებმა პრივატიზაციის დოკუმენტების გაყალბების მოტივით დააკავეს. თუმცა შამათავა აცხადებს, რომ მან მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით ბაბუისგან მიიღო.


“ადამიანს თუ პროკურატურაში იბარებენ, კუკავასთან ერთად პრესკონფერენციის გამართვა მისთვის იმუნიტეტი ვერ იქნება“, – განაცხადა შამათავას ფაქტთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.


“ამ განცხადებით წვრილ მესაკუთრეებს ეუბნებით, რომ ქონებაზე პროტესტის გამოხატვის გარეშე თქვან უარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ოპოზიცია და ვერს სხვა ვერავინ ვერ დაგეხმარებათ“, – განაცხადა დავით ბარძენიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით.


გიგა ბოკერიას განცხადებით, პრივატიზაციის უკანონო ფაქტების უკან, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში ყოფილი სახელმწიფო მოხელეები დგანან, რომელთაც პასუხი მოეთხოვებათ.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ იგი დაინტერესდა პრივატიზაციის საკითხებზე მიმდინარე საგამოძიებო მასალებით.  “და შემიძლია ვთქვა, რომ ამ პრივატიზაციების დროს ნამდვილად ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button