ახალი ამბები

გაზზე შეთანხმების პირობები თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი

თურქეთის მხარესთან საბოლოო შეთანხმება შაჰ-დენიზის გაზის წილების გადანაწილების დეტალების თაობაზე თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ ტაიპ ერდოგანთან 21 დეკემბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ იქნება მიღწეული, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა.  


გილაურმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ახლავს თურქეთში, 20 დეკემბერს ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან დასრულებულია და ამჟამად მხოლოდ გაზის მოწოდების გრაფიკის “ტექნიკური დეტალები“ განიხილება. 


“რაც შეეხება თურქეთის მხარეს, ფასი ფაქტიურად შეთანხმებულია და ხვალ გაიმართება დამატებითი მოლაპარაკებები. ლაპარაკი იქნება თურქეთის მხარისათვის გარკვეულ კომპენსაციაზე, თუ ამ გაზის დათმობისთვის რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს მხრიდან“, – განაცხადა ნიკა გილაურმა.


მან არ გამორიცხა, რომ საქართველომ თურქეთს აირის სანაცვლოდ შესაძლოა ელექტროენერგია მიაწოდოს. გილაურმა თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან.


თბილისში 8 დეკემბერს სამი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთის მხარემ განაცხადა, რომ მზად იყო თავისი წილიდან, რომელიც 2,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზით განისაზღვრება, 1,3 მილიარდი აზერბაიჯანს, ხოლო 800 მილიონი საქართველოს დაუთმოს. 


გილაურის კომენტარმა დაადასტურა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ნატიკ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, არსებობს “ზოგიერთი სირთულეები“ იმის თაობაზე, თუ როგორ გადაიხდის საქართველო თურქეთის წილიდან მიღებული 800 მილიონი კუბური მეტრი გაზის საფასურს. 


აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ რუსულ მედიას ვარაუდი გაუჩინა, რომ საქართველო შაჰ-დენიზის საბადოდან დამატებით გაზს ვერ მიიღებს. თუმცა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა უარყო ეს ვარაუდები და მას “რუსული საინფორმაციო საშუალებების კიდევ ერთი პროვოკაცია“ უწოდა.


ამავდროულად, თბილისში 20 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი გაზის მომწოდებელი გახდება 2007 წელს. 


მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად პრეზიდენტი სააკაშვილი პირადადაა ჩართული თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებში შაჰ-დენიზის გაზის გადანაწილების საბოლოო პირობების თაობაზე.  


13 დეკემბერს ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველო “[რუსული გაზის იმპორტზე] დამოკიდებულებას 20%-მდე, ან შესაძლოა 0%-მდე შეამცირებს, რადგანაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები წარმატებულად მიდის”.

Back to top button