ახალი ამბები

ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტებს აპროტესტებს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 18 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ავნევის პოლიციის შენობას, რომელიც “რუსი სამშვიდობოების პოსტის მახლობლად მდებარეობს“, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ანალოგიური ინციდენტი მოხდა 19 დეკემბერსაც. არც ერთ მათგანს მსხვერპლი არ მოჰყოლია.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი პროტესტს გამოთქვამს ამ ინციდენტების გამო და რუს სამშვიდობოებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.


“როგორც ჩანს ავნევის პოლიცია სერიოზულ პრობლემებს უქმნის კრიმინალურ ელემენტებს, რომლებიც სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გარდა აქტიურად ეწევიან კონტრაბანდულ საქმიანობას“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ქართული მხარის “უკმაყოფილებას“ არა რუსული კონტიგენტი, არამედ სამშვიდობო ოპერაციის “არაეფექტური მექანიზმი“ იწვევს, “რომელიც ვეღარ უზრუნველყოფს რეგიონის მკვიდრი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button