skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტები საერთაშორისო თანამეგობრობას აღიარებას თხოვენ

სამი არაღიარებული რესპუბლიკის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის პარლამენტარები, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში დღეს მოსკოვში შეიკრიბნენ, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას “თანასწორუფლებიანობისა და ერთა თვითგამორკვევის პრინციპებზე“ დაყრდნობით აღიარონ სამივე თვითგამოცხადებულ რეგიონში დამოუკიდებლობის თაობაზე გამართული რეფერენდუმების შედეგები.


“და აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დაამყარონ ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების სრულუფლებიან სუბიექტებთან“, – ნათქვამია ე.წ საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ მიმართვაში, რომლის სრულ ტექსტს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.


სეპარატისტები ასევე გმობენ საქართველოსა და მოლდოვას “ძალისმიერი ხასიათის“ მოქმედებებს სეპარატისტული რეგიონების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება “საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ქართულ–აფხაზური, ქართულ–ოსური და მოლდავურ–დნესტრისპირული კონფლიქტების მოგვარების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button