ახალი ამბები

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღმა “სარისკო ტენდენციებს“ ხედავს

ოპოზიციონერი დეპუტატები შიშობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა  გარე ფაქტორების საბაბით ბოროტად იყენებს საკონსტიტუციო ცვლილებებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს ქვეყანაში დემოკრატიის დონე გრძელვადიან პერსპექტივაში.


როგორც მოსალოდნელი იყო, 14 დეკემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე გამართულ საპარლამენტო დებატებზე ძირითადი ყურადღება  საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების საკითხს დაეთმო – ორივე არჩევნები 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ვადაში გაიმართება, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 2008 წლის გაზაფხულისა (საპარლამენტო არჩევნები) და 2009 წლის აპრილისა (საპრეზიდენტო არჩევნები).  


საკონსტიტუციო ცვლილებებზე საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილების შედეგად დაახლოებით რვა თვით გახანგრძლივდება ამ მოწვევის  პარლამენტის უფლებამოსილების ვადა – სწორედ ეს არის ოპოზიციონერი დეპუტატების შეშფოთების საგანი, რაც მათი განცხადებით, “ხელისუფლების უზურპაციის“ ტოლფასი იქნება.  


დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ასევე აღიარა, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება “არ არის მიღებული პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში“. 


“თუმცა, იმ ქვეყნებს არა აქვთ ის პრობლემები, რაც საქართველოში არსებობს“, – დასძინა მან.


ბეჟაშვილს არ დაუმალავთ, რომ ერთდროული არჩევნების ახალი ვადები იმიტომ დასახელდა, რომ მმართველს პარტიას არ სურს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დაემთხვეს 2008 წლის მარტში რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს.


ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ  “სერიოზული რისკი” არსებობს, რომ რუსეთმა საქართველოს არჩევნებით მანიპულირება მოახდინოს ან “სერიოზული პროვოკაციები“ დაგეგმოს საქართველოში, საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.


“ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთის არჩევნები საქართველოს არჩევნებს დაემთხვეს … იზრდება პროვოკაციების რისკი და ჩვენ სერიოზულ პროვოკაციებს ველით საქართველოში იმ დროისთვის [რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ]“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა გვარამიამ 14 დეკემბერს გამართული საპარლამენტო დებატების დროს.


“ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთის საარჩევნო მანქანის მსხვერპლი გავხდეთ“, – დასძინა მან.


თუმცა, ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს არგუმენტი მხოლოდ საბაბია და მას არაფერი აქვს საერთო ცვლილებების რეალურ მიზეზთან.


უპარტიო ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოკა გუნცაძემ საპარლამენტო მოსმენის დროს იმ “ფარულ და სარისკო ტენდენციაზე“ ისაუბრა, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ წარმოშვა. მისი თქმით, ეს ტენდენცია ხასიათდება ასე: ჯერ დამოუკიდებლობა და შემდეგ დემოკრატია.   


“დემოკრატია არ უნდა გახდეს დამოუკიდებლობის ალტერნატივა და ეს უნდა გავიგოთ. მალე თქვენ არჩევანის წინაშე დადგებით: დემოკრატია ან ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ძალიან სახიფათო არჩევანია და ვეჭვობ, რომ თქვენ დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთოთ არჩევანი“, – განუცხადა კოკა გუნცაძემ კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობიდან. 


დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა ოპოზიციური დემოკრატიული ფრონტიდან კიდევ ერთ ფაქტორს გაუსვა ხაზი, რომელიც მისი თქმით, მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილების უკან დგას.


“თავის ბოლო განცხადებებში პრეზიდენტ სააკაშვილს არ დაუმალავს, რომ მისი აზრით, საქართველოსთვის ამ სიტუაციაში დამღუპველი იქნება,  პრეზიდენტსა და პარლამენტს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა რომ წარმოადგენდეს. მან პირდაპირ მიანიშნა, რომ პრეზიდენტს მმართველი უმრავლესობა უნდა ჰყავდეს პარლამენტში. მისი თქმით, ეს საჭიროა, რადგან საქართველო ჯერ ისევ გარდამავალ პერიოდში იმყოფება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


ოპოზიციის მოსაზრებით, მმართველ პარტიას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარება იმიტომ სურს, რომ ნაციონალურ მოძრაობას გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის წყალობით.

“ამ საკონსტიტუციო ცვლილებების რეალური მიზეზი ის არის, რომ გეშინიათ, რომ ვერც ერთი თქვენგანი ვერ შეძლებს მხარდაჭერის მოპოვებას სააკაშვილის, როგორც ლოკომოტივის, გარეშე“, – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან.  


თუმცა, ამის საპასუხოდ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან 2006 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიხსენა, სადაც მმართველმა პარტიამ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. პრეზიდენტი სააკაშვილი ძალიან აქტიურად იყო ჩართული თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში.


“პოზიტიური ცვლილებები”


მიუხედავად არჩევნების თარიღზე პრინციპული უთანხმოებისა, ოპოზიციამ მხარი დაუჭირა შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც  სასამართლო სისტემაში პრეზიდენტის როლის შემცირებას ეხება. 


დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტი აღარ იქნება იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე. იუსტიციის საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.


შედეგად, პრეზიდენტს აღარ ექნება მოსამართლეთა დანიშვნის ან გათავისუფლების უფლება.


“პრეზიდენტისთვის მოსამართლეების დანიშვნის და გათავისუფლების უფლების ჩამორთმევა დადებითი გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი აღარ იქნება იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა, ეს დაჩრდილა არჩევნებთან დაკავშირებულმა ცვლილებების ნაწილმა. მე შემოგთავაზეთ, რომ გაგვეყო ეს ორი თემა და ცალ-ცალკე კანონპროეტებად შემოგვეტანა ისინი, რადგანაც ჩვენ მზად ვიყავით ხმა მიგვეცა ამ ცვლილებისთვის [სასამართლო სისტემაში პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით]“, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ.


ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამ ორი ცვლილების ერთიან პაკეტში გაერთიანებით, საპარლამენტო უმრავლესობა შეეცადა ყურადღება საკამათო დებულებებიდან უფრო პოზიტიურ მომენტებზე გადაეტანა.

მსგავსი/Related

Back to top button