ახალი ამბები

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესწორებულ ვარიანტს განიხილავს

მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2008 წელს 1 ოქტომბერ–31 დეკემბრის შუალედში ერთდროულად ჩატარდება – ეს არის პრეზიდენტისა და მისი საპარლამენტო გუნდის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აისახა.


“ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელზეც ვერანაირ პრინციპულ ზეგავლენას ვერ იქონიებს საექსპერტო მოსაზრება“, – განაცხადა 12 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გამართული განხილვის დროს უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.


პარლამენტი 14 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის  იმ ვარიანტს, რომელიც ერთთვიანი საერთო–სახალხო განხილვის პროცესში მეტ–ნაკლებად შეჯერდა. საპარლამენტო განხილვამდე უმრავლესობა პრეზიდენტს შეხვდება.


საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტის მიხედვით, პარლამენტისა და პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარების მუდმივი ვადა განისაზღვრა ოქტომბერ–ნოემბრის პერიოდით, ამასთან დაზუსტდა საარჩევნო ვადები საგანგებო ან საომარი მოქმედებების და პარლამენტის დათხოვნის შემთხვევებში.


პოლიტიკურ ძალებს შორის სრული კონსენსუსი იქნა მიღწეული საკონსტიტუციო პროექტის იმ ნაწილებთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის მიერ ელჩების პარლამენტის თანხმობის გარეშე გათავისუფლების წესსა და ასევე იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. თავდაპირველად წარმოდგენილი პროექტისაგან განსხვავებით, პრეზიდენტი აღარ იქნება იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე.  ახალი რედაქციით, იუსტიციის საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში პრეზიდენტის უფლებამოსილებები კი ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ განისაზღვრება.


მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში უთანხმოების ძირითად წყაროდ  2008 წელს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების ერთდროულად ჩატარების სიკითხი რჩება.


უმრავლესობა აცხადებს, რომ გადაწყვეტილების ძირითადი მოტივია არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობისათვის გარანტიების შექმნა, რათა რუსეთმა, სადაც ასევე ტარდება 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა ვერ შეძლოს.


“ეს არის რუსეთის ფაქტორი და ამაში დასამალი არაფერია… ჩვენი აბსოლუტურად ლეგიტიმური მიზანია მაღალი იყოს არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლეგიტიმაცია, ვიქნებით ეს ჩვენ თუ სხვა ძალა და  კრიზისების გამორიცხვა“, – განაცხადა ბოკერიამ. 


კონსერვატიული პარტიიდან ოპოზიციონერი დეპუტატის კახა კუკავას განცხადებით, ხელისუფლება “ყურით მოთრეული“ არგუმენტებით ცდილობს ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარების გამართლებას, რაც 2004 წლის აპრილში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადის რამდენიმე თვით გაგრძელებას გამოიწვევს.


“ეს იქნება ხელისუფლების უზურპაცია და 2008 წლის აპრილის შემდეგ პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და კენჭისყრა იქნება უკანონო“, – განაცხადა კუკავამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.


მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების რიგგარეშე სხდომაზე, დაჩქარებული ტემპებით განხილვის გამო, “მითუმეტეს, რომ ჯერ არ ვიცით ვენეციის კომისიის დასკვნები“. 


ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია  საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს 15 დეკემბერს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უკვე მეორე მოსმენისათვის იქნება მიზანშეწონილების მიხედვით გათვალისწინებული.


რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლების ხარჯზე პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას ეხება, გადატანილია თებერვლისათვის. გადადების მიზეზად საკითხის სირთულე და მასზე კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობა დასახელდა.

მსგავსი/Related

Back to top button