ახალი ამბები

თავდაცვის ახალმა მინისტრმა 2007 წლის პრიორიტეტები წარმოადგინა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის არსებობის “ალბათობა მცირეა“, “სეპარატისტული ძალების“ და რუსი სამშვიდობოების ქართული მიწაზე არსებობით ქვეყანა მრავალი შიდა გამოწვევის წინაშე დგას, ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც წარმოადგენს თავდაცვის ახალი მინისტრის დავით კეზერაშვილის ხედვას 2007 წლისათვის.  


დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე 8 დეკემბერს გამოაქვეყნა, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების განვითარებას მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. 


დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 10 ნოემბერს დაიკავა. მან ამ პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა. ახალი დანიშვნის შემდეგ კეზერაშვილი კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდა მედიისთვის. 12 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ერთადერთ, ხანმოკლე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რჩება. 


დოკუმენტში, სახელწოდებით “მინისტრის ხედვა 2007“, ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს “მშვიდობიანი, დიპლომატიური გზების გამოყენებას არსებული სეპარატიზმის საკითხის გადასაწყვეტად და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების საბოლოდ გასაყვანად“ – სწორედ ეს ორი ასპექტი მიიჩნევა მთავარ შიდა საფრთხეებად და რისკებად.  


ტერმინში “რუსული ძალები“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში განლაგებული სამშვიდობოები უფრო იგულისხმება, ვიდრე ბათუმში და ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები, რომლებიც გაყვანის პროცესშია. 


შიდა საფრთხეებში ასევე შედის არასაკმარისი ენერგომომარაგება; ნარკოტიკული საშუალებებით, იარაღითა და ადამიანებით უკანონო ვაჭრობა; ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები.


დოკუმენტის თანახმად, 2007 წელს საქართველოს დაგეგმილი აქვს განაგრძოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო და სტაბილურობის ოპერაციებში. ამჟამად, 850 ქართველი სამხედროა გაგზავნილი სამშვიდობო მისიით ერაყში კოალიციის ძალების ფარგლებში.


რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციის პროცესს, დოკუმენტი უპირატესობას ანიჭებს ნატოსთან თავსებადი მართვის სტრუქტურების შექმნას, გამჭვირვალე ბიუჯეტის უზრუნველყოფას, ასევე საჰაერო სივრცის კონტროლის გაუმჯობესებას ნატოსთან საჰაერო სიტუაციის მონაცემთა გაცვლის (ASDE) ხელშეწყობის მიზნით. 

სამინისტროს ასევე დაგეგმილი აქვს მომავალ წელს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დასრულება, რათა უზრუნველყოს 2007-2015 წლების ძალთა სტრუქტურის ჩამოყალიბება საფრთხეებსა და გამოწვევებზე საპასუხოდ არსებული რესურსების გათვალისწინებით.


თავდაცვის სამინისტრო რეზერვის წვრთნისა და სამობილიზაციო სისტემის განვითარებას 2007 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. ახალი სარეზერვო სისტემა “ტოტალური და უპირობო თავდაცვის დოქტრინის“ ნაწილი გახდება, რომელიც ახალი დებულების სახით ცოტა ხნის წინ შევიდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში.


ინიციატივა სავალდებულო სარეზერვო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე საქართველოს პარლამენტმა 9 დეკემბერს პირველი მოსმენით დაამტკიცა. 


დოკუმენტის თანახმად, მამაკაცები 27-დან 40 წლამდე ვალდებულნი იქნებიან გაიარონ რეზერვისთა მომზადების 18-დღიანი კურსები. პიროვნებას შეუძლია თავიდან აიცილოს სავალდებულო სარეზერვო სამსახური იმ შემთხვევაში, თუ 180 ან 200 საათს ალტერნატიულ სამსახურში იმუშავებს. პირველი აცილების შემთხვევაში, პიროვნება დაჯარიმდება 1000 ლარით. ხოლო თუ ეს ფაქტი მეორედაც განმეორდება, პიროვნებას ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.


კანონპროექტი არ ვრცელდება მასწავლებლებზე, ექიმებზე, რკინიგზის ტექნიკურ პერსონალზე, მოსამართლეებზე, დიპლომატებზე, სასულიერო პირებსა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლებზე, ამ იმ პირებზე, რომელთაც უკვე იმსახურეს ალტერნატიულ სამსახურში.


მომზადების პროგრამას და გაწვევის სქემას თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს.


თავის 2007 წლის ხედვაში თავდაცვის მინისტრი მზადყოფნას გამოხატავს გააუმჯობესოს საჯარო ინფორმაციის სისტემა, მათ შორის მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა. ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის კრიტიკის მთავარი მიზეზი გამჭვირვალობის ნაკლებობა იყო.

Back to top button