skip to content
ახალი ამბები

ოსების ხსნის კავშირი მოუწოდებს სააკაშვილს სამხრეთ ოსეთში კანონის უზენაესობა უზრუნველყოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ოსების ხსნის კავშირმა“ 30 ნოემბერს მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე. 


„ცხინვალის რეჟიმი რუსეთის სამხედრო-კრიმინალური სტრუქტურების მხარდაჭერით ისწრაფვის, რომ ოსებსა და ქართველებს შორის სისხლისღვრის ახალი ტალღის პროვოცირება მოახდინოს. ეს სცენარი [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის] კოკოითის ინტერესებში შედის, რათა გაძლიერდეს მისი მხარდაჭერა მიმნდობი მოსახლეობის ხარჯზე, რომლის უმეტესობასაც აღარ შესწევს უნარი  სწორი შეფასება მისცეს იმ მდომარეობას, რომელშიც ისინი იმყოფენიან და არ შესწევთ უნარი ჯეროვნად უპასუხონ ედუარდ კოკოითის ყალბ დაპირებებს“, – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვლადიმერ სანაკოევმა თავის მიმართვაში, რომელიც ქართული ტელევიზიებით გადაიცა.


მისი თქმით, ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება დევნის განსხვავებულ აზრს.


„ცხინვალში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ენდობიან როგორც ქართველები, ისე ოსები“, – დასძინა სანაკოევმა.


„ოსების ხსნის კავშირი“ ოქტომბერში იმ ეთნიკური ოსების მიერ ჩამოყალიბდა, რომლებიც პირდაპირ აკრიტიკებენ ედუარდ კოკოითის პოლიტიკას. ამ ჯგუფმა 12 ნოემბერს თბილისის არაოფიციალური მხარდაჭერით ე.წ. ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნები გამართა – სეპარატისტული ხელისუფლების არჩევნების პარალელურად.


ალტერნატიულ არჩევნებში დიმიტრი სანაკოევმა გაიმარჯვა. გავრცელებული ინფორმაციით, სანაკოევის ინაუგურაცია დეკემბრის დასაწყისში, სავარაუდოდ 1 დეკემბერს გაიმართება. ინაუგურაციის ცერემონია თავდაპირველად 23 ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button