ახალი ამბები

სააკაშვილი გაზის მოწოდებაზე აზერბაიჯანთან მიღწეულ შეთანხმებაზე მიანიშნებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 ნოემბერს მიანიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის საქართველოს ბუნებრივი აირი მოაწოდოს, იმ ფონზე, როცა თბილისი აქტიურად ეძებს ალტერნატიულ წყაროებს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად.


პრეზიდენტი სააკაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს 28 ნოემბერს მინსკში დსთ-ს სამიტის ფარგლებში შეხვდა.


“მე ვფიქრობ, რომ ეს ზამთარი გახდება აზერბაიჯანულ–ქართული ძმობის ისტორიული დემონსტრაციის მაგალითი“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ლონდონში, სადაც ის მინსკის სამიტის შემდეგ ჩავიდა.


თუმცა, მან არ დააკონკრეტა მიღწეული იქნა თუ არა რაიმე კონკრეტული შეთანხმება შეხვედრის დროს და დეტალებზე საუბრისგანაც თავი შეიკავა.


“შეხვედრის დროს, ორმა პრეზიდენტმა სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების საკითხები განიხილა. ასევე განხილულ იქნა ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებიც“, – იტყობინება აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აზერტაგი“, რომელიც ასევე არ საუბრობს დეტალებზე. 


ამასობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ენერგეტიკის მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით 30 ნოემბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება, განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლოა შაჰ-დენიზის გაზის შესახებ “რეკონტრაქტირებას“ მიაღწიოს.


საქართველოს მეტი შაჰ-დენიზის გაზის ყიდვა სურს, ვიდრე ამას არსებული კონტრაქტი ითვალისწინებს. კონტრაქტში საქართველოსთან ერთად თურქეთი და აზერბაიჯანიც მონაწილეობენ.


მომავალ წელს შაჰდენიზის გაზსადენის მეშვეობით საქართველო 200 მილიონ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა; ამას ემატება 50 მილიონი კუბური მეტრი შეღავათიან ფასად – 55 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე.


ამავდროულად, ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ პარალელურად გაზის სადისტრიბუციო კომპანიები მოლაპარაკებებს აწარმოებენ “გაზექსპორტთან“.


“ეს მოლაპარაკებები ერევანში იმართება, რადგანაც სხვადასხვა მიზეზების გამო მათი გამართვა მოსკოვში შეუძლებელი გახდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


“გაზპრომმა“ განაცხადა, რომ საქართველოს 1000 კუბურ მეტრს გაზს 110–ის ნაცვლად 230 აშშ დოლარად მიყიდის მომავალი წლიდან.


პრემიერ–მინისტრის განცხადებით, დეკემბრის ბოლოს “გვექნება უკვე ირანთან ერთობლივი ეკონომიკური კომისია, სადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება 2007 წლის განმავლობაში რა მოცულობით და რა წყაროებიდან მივიღებთ ჩვენ გაზს“.


აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იწონებს საქართველოს გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას ირანთან ენერგეტიკის სფეროში.


საქართველომ პირველად გაზის იმპორტი ირანიდან 2006 წლის იანვარში განახორციელა, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ორ გაზსადენზე აფეთქება მოხდა და შედეგად, საქართველო რუსული გაზის გარეშე დარჩა.


ქართულ-აზერბაიჯანული გაზსადენის გამტარუნარიანობა, რომლის საშუალებითაც 2006 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლამდე ირანული გაზის იმპორტი ხორციელდებოდა საქართველოში, 4 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენდა დღეში. ეს დაახლოებით იმ მოცულობის ნახევარს შეადგენს, რომელიც საქართველო დღეში მოიხმარს.


მთავრობასთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ თბილისი ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს რუსული გაზის წილი საქართველოს საერთო მოხმარებაში.


თუმცა, ზოგიერთი ოპონენტი აცხადებს, რომ რუსული გაზის განდევნის შედეგად, საქართველო შესაძლოა სხვა მომწოდებელზე დამოკიდებული გახდეს.    


“მთავრობა გვეუბნებოდა ჩვენ, რომ ისინი ენერგორესურსების დივერსიფიცირებას ცდილობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ ცვლიან მათ [მომწოდებლებს]. რეალური დივერსიფიკაცია ნიშნავს სხვადასხვა მომწოდებლების არსებობას და იმას, რომ ქვეყანა არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთ მომწოდებელზე“, – განუცხადა ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში დავით ებრალიძემ რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროს 29 ნოემბერს. 

Back to top button