ახალი ამბები

ნატოს სამიტი საქართველოში რეფორმებს უჭერს მხარს

ნატოს რიგის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში დადასტურდა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები განაგრძობენ საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგს და ხელს შეუწყობენ საქართველოს ხელისუფლებას  რეფორმების განხორციელების გზაზე წინსვლაში.


“მივესალმებით საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყებას, ისევე როგორც საქართველოს წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ ოპერაციებში. ჩვენ კვლავაც აქტიურად დავუჭერთ მხარს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში. მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძოს წინსვლა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმირების განხორციელებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. ჩვენ ვადასტურებთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ყველა ქვეყანამ რეგიონში კონსტრუქციული როლი ითამაშოს რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით“, – ნათქვამია რიგის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოებმა 29 ნოემბერს მიიღეს.


დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ალიანსი “წუხს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კოფნლიქტების არსებობის გამო“ და მხარს უჭერს “მცდელობებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით“.


მიესალმება რა 2006 წლის 31 მარტს რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, რიგის სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რუსეთის მიერ სტამბულის ვალდებულებების საბოლოო შესრულება საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებაში “დაეხმარება მოკავშირეებს და სხვა მონაწილე ქვეყნებს წინ წაიწიონ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიკაციის გზაზე“.


სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრეზიდენტმა ვაირა ვიკე-ფრაიბერგამ განაცხადა, რომ ალიანსმა მხარი დაუჭირა საქართველოს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა რეფორმების განხორციელების გზაზე.


“მაგრამ [ალიანსში] მოწვევის თვალსაზრისით, რიგში ჯერ ბალკანეთის სამი სახელმწიფო [ხორვატია, მაკედონია, ალბანეთი] დგას და ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ მოწვევა 2008 წლის სამიტისთვის. საქართველოს შემთხვევაში ეს თარიღი ძალიან ადრე იქნება, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა ნამდვილად არსებობს”, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button