
სააკაშვილი პუტინთან შეხვედრას “სასარგებლოს“ უწოდებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ მან “სასარგებლო საუბარი“ გამართა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, რომელსაც 28 ნოემბერს მინსკში დსთ–ს მეთაურთა სამიტის ფაგლებში შეხვდა.
“გაიმართა სასარგებლო საუბარი, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველა ძირითადი საკითხის დაყენება შევძელით. ამ შეხვედრის ინიციატივა მოდიოდა ჩვენი მხრიდან და მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან წამოვა ყოველთვის ასეთი ინიციატივა. ჩვენ უნდა გვქონდეს მუდმივი დიალოგი რუსეთთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
იგი ქართველ ჟურნალისტებს ლონდონში ესაუბრა, სადაც მინსკიდან ღამით ჩავიდა, რათა დაესწროს ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს ბანკის“ აქციებით პირველ ვაჭრობას.
“ამავე დროს, მე ვფიქრობ რუსეთი უკვე ხვდება, რომ საქართველოსთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები უნდა ჰქონდეს… დროა ვისწავლოთ ჩვენ, ქართველებმა, რომ არ აქვს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა და არ უნდა ვფიქრობდეთ დღე და ღამე იმაზე თუ რას ფიქრობს, იტყვის, რას მოიმოქმედებს და რა გეგმები აქვს რუსეთს ჩვენზე. იმიტომ, რომ საქართველოს გეგმები,მომავალი, სცენარი და წარმატებები დაიწერება აწი მუდმივად საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინსკში ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე დაადასტურა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა.
“კულუარებში მე ვესაუბრე ყველა ჩემ კოლეგას… ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც. მაგრამ უფრო დეტალური შეხვედრა მქონდა მოლდოვას პრეზიდენტთან ვლადიმერ ვორონინთან“, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ დათანხმდა მოლდავური ღვინის იმპორტის აღდგენას რუსეთში, სადაც ქართულ ღვინოებთან ერთად მოლდავური ღვინოების იმპორტი 2006 წლის მარტიდან აკრძალეს.
დსთ–ს სამიტის დასრულების შემდეგ ლიდერებს ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაუმართავთ მინსკში. ნურსულთან ნაზარბაევი, როგორც დსთ–ს თავმჯდომარე ქვეყნის ყაზახეთის ლიდერი, ესწრებოდა მხოლოდ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციას. მისი თქმით, რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის “ძალიან სასარგებლო” საუბარი შედგა დსთ–ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს გაფართოებული სხდომის დროს, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
ამ განცხადებაზე დაყრდნობით ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინსა და სააკაშვილს შორის პირისპირ დიალოგი არ გამართულა.
სამიტის ფარგლებში ქართული მხარე პუტინთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა პრეზიდენტ პუტინის მრჩეველმა მოდესტ კოლეროვმა სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა არ იგეგმებოდა.