
მთელი ყურადღება მინსკისა და რიგის სამიტებისკენ არის მიმართული
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინსკს სტუმრობს, სადაც 28 ნოემბერს, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მინსკში სააკაშვილი შეეცდება პირისპირ შეხვედრა გამართოს თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მოდესტ კოლეროვმა ტელეკომპანია “მზეს“ 27 ნოემბერს განუცხადა, რომ ორმხრივი შეხვედრა არ გაიმართება.
“მინდა ყველას ესმოდეს ის მოტივაცია, რომლითაც საქართველოს დელეგაცია მინსკში მიემგზავრება. ჩვენ გვესმის, რომ დსთ, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, საკმაოდ არაეფექტიანი ორგანიზაციაა, მაგრამ საქართველოს არა აქვს უფლება რომელიმე ტრიბუნა არ გამოიყენოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა დსთ–ს სამიტამდე.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ სურს პუტინთან შეხვედრა და დასძინა, რომ ორმხრივი შეხვედრა “დადებითი“ ნიშანი იქნება.
“მაგრამ ჩვენ ასევე უნდა განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან… ასევე ვაპირებ შევხვდე დსთ-ს სხვა ლიდერებს, რომლებიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი მინსკში, სავარაუდოდ, პირისპირ შეხვდება თავის აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებს.
სააკაშვილის განცხადება გარკვეულწილად პასუხი იყო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მოწოდებაზე დსთ-ს სამიტის იგნორირებისა და ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის თაობაზე.
ოფიციალური პირები თბილისში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დსთ “არაეფექტურია“, ამჟამად საუკეთესო დრო არ არის ორგანიზაციის დასატოვებლად.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მინსკის სამიტის შედეგი დადებითი იქნება თბილისისთვის, მიუხედავად იმისა დათანხმდება თუ არა პუტინი სააკაშვილთან ორმხრივ შეხვედრას.
ბარამიძემ, რომელმაც მინსკში 24 ნოემბერს დსთ-ს მთავრობების მეთაურთა სამიტში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა, რომ საქართველომ ყველა შანსი უნდა გამოიყენოს, რათა დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ის მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის.
“თავად პუტინისთვის იქნება ნეგატიური, თუ ის არ მიიღებს თბილისის წინადადებას ორმხრივ შეხვედრაზე“, – განუცხადა ბარამიძემ ტელეკომპანია “იმედს“ 27 ნოემბერს.
საქართველო არ იქნება ერთადერთი ვისგანაც რუსეთის წინააღმდეგობას წააწყდება დსთ-ს შიგნით. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც არ იწონებს გაზის ღირებულების ზრდასთან დაკავშირებულ რუსეთის ენერგოპოლიტიკას. ყაზახეთს კი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი გაზის მომწოდებელია, სურს მეტი ეთქმოდეს დსთ-ს ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დსთ-ს სამიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ამ ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდაა. სამიტზე ასევე განიხილავენ ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობის საკითხებს.
ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რიგაში იმყოფება, სადაც 28 ნოემბერს ნატოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა.
27 ნოემბერს ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ატის სლაკტერისმა ნინო ბურჯანაძეს უმასპინძლა, სადაც დაადასტურდა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ბურჯანაძესა და სლაკტერისს შორის მოლაპარაკებებში ასევე მიიღო მონაწილეობა აშშ-ს სენატორმა რიჩარდ ლუგარმა, რომლის ინიციატივითაც აშშ-ს სენატმა მიიღო კანონი ალბანეთის, საქართველოს, ხორვატიის და მაკედონიის ნატოში “დროული გაწევრიანების“ მხარდასაჭერად.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 27 ნოემბერს რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტზე ნატო რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს გააკეთებს საქართველოსთვის, მათ შორისაა ალიანსის “სრული პატივისცემის” გამოხატვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, მოწოდება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ და ნატოს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ფარგლებში.
“ეს არის გზავნილები, რომელსაც მე ველოდები ამ სამიტიდან. მაგრამ როგორ იქნება ეს კონკრეტულად გამოხატული, ეს მე ჯერ არ ვიცი, რადგანაც სამიტი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ ეს არის ძირითადი პრინციპები, რამდენადაც მე ვიცი და ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი პრინციპებია“, – განაცხადა სხეფერმა.
ნატოს სამიტი რიგაში და დსთ-ს სამიტი მინსკში ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია ბოლო დღეების განმავლობაში.
“მგონია, რომ დსთ-ს სამიტი მალე ჩვენს წარსულთან იქნება ასოცირებული, რიგის სამიტი კი საქართველოს მომავალთან ასოცირდება“, – განაცხადა 28 ნოემბერს შალვა ფიჩხაძემ, ანალიტიკოსმა არასამთავრობო ორგანიზაციიდან “საქართველო ნატოსთვის“ .