ევროკავშირი-რუსეთის სამიტი საქართველოზე იმსჯელებს
ჰელსინკში 24 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირი-რუსეთის მაღალი დონის სამიტის დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობების განხილვაც შედის, აცხადებს ევროკავშირი დღეს გავრცელებულ პრეს-რელიზში.
“ევროკავშირმა რამდენჯერმე მოუწოდა მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების მოხსნისა და თბილისთან დიალოგის აღდგენისკენ“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ევროკავშირს სამიტზე წარმოადგენენ: ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ფინეთის პრემიერ-მინისტრი მატი ვენჰანენი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანა, ევროკომისარი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი და ასევე ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში პიტერ მენდელსონი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)