ახალი ამბები

ბაღაფში: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჩრდილოეთ კავკასიაზე უარყოფითად აისახება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმი გაგებით ეკიდება თბილისის სურვილს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, თუმცა “ვფიქრობ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა არცთუ პოზიტიურად აისახება ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე“.


ამის შესახებ ბაღაფშმა 23 ნოემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


აფხაზეთის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში თბილისთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.


“რუსი სამშვიდობოები იყვნენ და დარჩებიან აფხაზეთში. თუ ისინი კონფლიქტის ზონას დატოვებენ, მაშინ საქართველოსთან [ადმინისტრაციულ] საზღვარზე დავდგებით ჩვენ, ეს კი უკვე კონფლიქტია, თანაც სერიოზული კონფლიქტი“, – განაცხადა ბაღაფშმა და აქვე დასძინა, რომ სოხუმს შესწევს ძალა ნებისმიერ საფრთხეს უპასუხოს.
 

Back to top button