ახალი ამბები

ამერიკელი დიპლომატი: ვაშინგტონი პირველი დაუჭერს მხარს ნატოში საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმას

საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერას საქართველოს წინსვლაში წევრობის სამოქმედო გეგმისკენ, რომელიც  ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის შემდგომი ეტაპია, “უზარმაზარი მნიშვნელობა“ აქვს, განსაკუთრებით რიგაში 28-29 ნოემბერს დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ.


“ანალოგიური რეზოლუცია, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ [2006 წლის] მაისში მიიღო, მნიშვნელოვნად დაეხმარა საქართველოს სექტემბერში ნატოსთან ინტენსიურ დიალოგზე გადასულიყო“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ.


17 ნოემბერს კანადის ქალაქ კვებეკში მიღებულ რეზოლუციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს და პარტნიორებს “მხარი დაუჭირონ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და მის სურვილს დროულად გადავიდეს ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე, კერძოდ წევრობის სამოქმედო გეგმაზე“.


დასავლელი დიპლომატები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატო რიგის სამიტზე კვლავაც დაადასტურებს თავის ღია კარის პოლიტიკას, მოსალოდნელი არ არის, რომ ალიანსმა რაიმე გადაწყვტილება მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით.


“არა მგონია, რომ საქართველოზე რაიმე ახალი გადაწყვეტილება იქნას მიღებული რიგაში, მაგრამ მე ვიცი, რომ ღია კარის პოლიტიკის პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კურტ ვოლკერმა 20 ნოემბერს ქართველი ჟურნალისტებთან ვიდეო–კონფერენციის მსვლელობისას.  


მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი “ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს“ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.


“და მე ვიწინასწარმეტყველებ, რომ ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც მხარს დაუჭერს საქართველოს წევრობის გეგმას მომავალში. მაგრამ სანამ იქამდე მივალთ, ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი ინტენსიურ დიალოგთან მიმართებაში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გავუძღვებით ამ პროცესს“, – განაცხადა მან.


მოსალოდნელია, რომ რიგის სამიტზე ნატო გაახმოვანებს მზადყოფნას, რომ მომდევნო, 2008 წლის სამიტზე გააწევრიანოს ალბანეთი, ხორვატია და მაკედონია – ქვეყნები, რომლებიც ამჟამად წევრობის სამოქმედო გეგმებს ახორციელებენ ნატოსთან.


“ჩვენ მხარს ვუჭერთ ღია და წინდახედულ მიდგომას გაფართოებისადმი, როგორც 2008 წლის სამიტზე, ისე მის შემდგომაც“, – განაცხადა ვოლკერმა.


“იმედი მაქვს, ჩვენ განვაცხადებთ [რიგაში], რომ მომავალ სამიტზე ნატო აპირებს გაწევრიანება შესთავაზოს იმ ქვეყნებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ნატოს საქმიანობაზე დაფუძნებულ კრიტერიუმებს; ამრიგად ჩვენ რამდენიმე მოწვევა გვექნება 2008 წელს და განსაკუთრებით ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ნატოსთან წევრობის სამოქმედო გეგმას ახორციელებენ“, – დასძინა მან.


მან აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრს მიაღწია რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა იქვე დასძინა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.


“საბაზრო ეკონომიკის რეფორმა ძალიან კარგად ხორციელდება, თავდაცვის ბიუჯეტთან, თავდაცვის სფეროს დაგეგმარებასა და მის რეფორმირებასთან  დაკავშირებით ვფიქრობ, რომ მეტი რამ არის იქ გასაკეთებელი, ისევე როგორც სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა ვოლკერმა.


ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში “მტკიცე პოლიტიკური მიდგომის“ მნიშვნელობას, რათა “თავიდან იქნას აცილებული ამ ტერიტორიებზე რაიმე კონფლიქტში ჩათრევა ან რუსეთთან კონფლიქტი“.


“და რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეარბილოს დაძაბულობა საქართველოსთან“, – დასძინა მან.


16 ნოემბერს აშშ-ს სენატმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარის რიჩარდ ლუგარის ინიცირებით მიიღო კანონი, რომელიც ალბანეთის, ხორვატიის, საქართველოს და მაკედონიის ნატოში დროული გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.


“[ამგვარი გადაწყვეტილებები] გვეხმარება ვაჩვენოთ, რომ აშშ ფართოდ უჭერს მხარს ნატოს გაფართოების პროცესის წინსვლას“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

მსგავსი/Related

Back to top button