skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს იხილავს

დღეს ფინანასთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა დეპუტატებს განსახილველად წარუდგინა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის შემოსავლები 3,4 მლრდ ლარს, ხარჯები  – 3,8 მლრდ ლარს, დეფიციტის დაფინანსების წყაროები კი 426,1 მლნ ლარს შეადგენს.


ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს ქვეყნის მთავარი საბიუჯეტო პრიორიტეტები იქნება ეკონომიკის სტაბილური განვითარება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მიმდინარე წელს კი ერთ–ერთ წამყვან პრიორიტეტად თავდაცვის სფერო მიიჩნევა.


ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც პირველადი საპარლამენტო განხილვის შემდეგ შესწორდა, მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 7,5 %–ით გაიზრდება და მთლიანობაში 16 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლევანდელთან შედარებით 2,5– 2,8%–ით ნაკლები იქნება.


“ეს გამოწვეული იქნება რუსეთის გავლენით ეკონომიკაზე – ექსპორტ–იმპორტის სრული შეზღუდვისა და გაზის ფასის მომატების შესაძლებლობით“, – განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.  


ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ინფლაციის დონე 6%–ით არის განსაზღვრული. ამ მაჩვენებელზეა აგებული ქვეყანაში მომავალი წლის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.


ფინანასთა მინისტრის  პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ  ოქტომბრის მონაცემებით ინფლაციის 12 – თვიანი მაჩვენებელი 10,2%–ია,  წლის ბოლომდე ინფლაციის დონე ერთციფრა ნიშნულამდე შემცირდება, “რაც მოგვცემს შესაძლებლობას რეალისტური გახდეს 6%–იანი ინფლაცია მომავალ წელს“. 


ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  საგადასახადო შემოსავლების სახით გათვალისწინებულია 2,8 მლრდ ლარი, არასაგადასახადო შემოსავლებზე – 220 მლნ ლარი, გრანტების სახით  – 240 მლნ ლარი, ხოლო პრივატიზაციიდან შემოსავლების სახით 100 მლნ ლარი იგეგმება.


მომავალი წლის საბიუჯეტო ხარჯები, რომელიც მიმდინარე წლის პარამეტრთან შედარებით 43 მლნ ლარით იზრდება, სფეროების მიხედვით ასე გადანაწილდება:


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 999,7 მლნ ლარი (2006 წელს–  775,4 მლნ ლარი), თავდაცვის სამინისტრო – 392,5 მლნ ლარი; ფინანსთა სამინისტრო  – 751,5 მლნ ლარი; ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 456,8 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტრო 111, 6 მლნ ლარი;  იუსტიციის სამინისტრო – 92, 2 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 59, 9 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 245,7 მლნ ლარი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 396,8 მლნ ლარი; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო –57 მლნ ლარი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – 50 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 43,6 მლნ ლარი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 31,4 მლნ ლარი;  კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 470 ათასი ლარი;   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 968 ათასი ლარი;   რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 440 ათასი ლარი; სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 200 ათასი ლარი.


ამას გარდა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 496 მლნ ლარი, ხოლო რეგიონულ პროექტებზე 50 მლნ ლარი გამოიყოფა.


ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებაზე 250 მლნ ლარი, ხოლო შიდა ვალის მომსახურებაზე 74 მლნ ლარია გათვალისწინებული. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button