ახალი ამბები

ივანოვს საქართველოს სამხედრო გაძლიერება აშფოთებს

რუსეთის ვიცე–პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს საქართველოს სამხედრო გაძლიერების ფონზე კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარების შესაძლო სცენარი “ძალიან აშფოთებს“.


ივანოვი 19 ნოემბერს რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსი სამშვიდობოები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში “იქნებიან ზუსტად იმდენი ხანი, რამდენიც დაჭირდება ამ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“. 

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო დაპირისპირება არ არსებობს და დაძაბული პოლიტიკურ–ეკონომიკური ურთიერთობები უკავშირდება საქართველოს სამხედრო გაძლიერებას.


“საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში ნატოს პოტენციური წევრების დახმარებით საქართველოს აქტიურ გადაიარაღებას ეწევა, ბოლო 2–3 წლის განმავლობაში საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 5–6–ჯერ გაიზარდა და ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულია თბილისის მიერ უკონტროლო ორი ტერიტორია, სადაც ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები…, რომლებიც მე–20 საუკუნის განმავლობაში არაერთხელ გახდნენ აგრესიისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი“, – განაცხადა ივანოვმა.


Back to top button