ახალი ამბები

ნოღაიდელი: ოქრუაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო

ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 17 ნოემბერს თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა  დაადასტურა, თუმცა ოქრუაშვილის გადაწყვეტილებას მოულოდნელი უწოდა.


“ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა და მითხრა, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებს და შესაბამისი განცხადებაც გამოაგზავნა…  ჩვენ გვქონდა შაბათს და კვირას ინტენსიური თათბირები ეკონომიკაში ჩვენი მომავალი საქმიანობის შესახებ, უახლოესი პერიოდის მოქმედებები დავგეგმეთ, ამიტომ მისი დღევანდელი მოქმედებები ჩემთვის და პრეზიდენტისთვის იყო სრულიად მოულოდნელი“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 17 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.


ნოღაიდელის განცხადებით, ოქრუაშვილს მისი გადაწყვეტილების მიზეზი არ უთქვამს.

“დიახ, მან დატოვა თანამდებობა; თუმცა, მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩემთვის უცნობია“, – განუცხადა ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირმა კახნიაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.


“ახლახანს შევიტყვე მისი გადაწყვეტილების შესახებ; მაგრამ ნამდვილად არ ვიცი მისი თანამდებობის დატოვების მიზეზი; ასევე არ ვიცი დაინიშნება თუ არა ის ახალ თანამდებობაზე. მართლაც გაოცებული ვარ“, – განუცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნინო კალანდაძემ ტელეკომპანია “იმედს“.


ინფორმაცია ოქრუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მისი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე ვრცელდება. ეკონომიკის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი 10 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაინიშნა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 ნოემბერს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ მან ოქრუაშვილი ეკონომიკის მინისტრად იმის გამო დანიშნა, რომ სწორედ საქართველოს ეკონომიკა გახდა ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის აგრესიის ძირითადი სამიზნე.


ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოქრუაშვილის გადაყენების ძირითადი მიზეზი იყო მისი რადიკალური განცხადებები სამხრეთ ოსეთის შემოერთების ვადებთან დაკავშირებით.


ის ფაქტი, რომ ოქრუაშვილ გულის დასწყდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების გამო პირველი დღეებიდანვე ჩანდა. 


“[ეკონომიკის სამინისტროს] თანამშრომლებს მოგმართავთ, რომ მომეხმარეთ იმაში, რომ ჩემი ენერგიის კონცენტრირება მოვახდინო აქ იმიტომ, რომ ჩემი გული და სული რჩება ქართულ ჯარში… ჩემთან მუშაობა ძნელია, მაგრამ საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა 11 ნოემბერს ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან პირველ შეხვედრაზე.

Back to top button