ახალი ამბები

აფხაზეთს გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები ეწვიენ

16 ნოემბერს თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ სოხუმში მოლაპარაკებები გამართა გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის წარმომადგენელთან დევიდ ჰარლანდთან და ასევე ეუთოს პოლიტიკურ მრჩეველთან მაგდალენა ფრიჩოვთან, იუწყება “აფსნიპრესი“.


ამავე ცნობით, გაეროს წარმომადგენლის სურვილი იყო უშუალოდ აფხაზური ხელმძღვანელობისაგან შეეტყო, თუ რა ფიქრობს სოხუმი კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, რა გეგმები აქვს უახლოეს მომავალში და რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს ეკონომიკურ და სამხედრო განვითარებასთან მიმართებაში.


სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმს აშფოთებს თბილისის სამხედრო გაძლიერება. მისი თქმით, გაერომ უნდა აიძულოს საქართველო შეასრულოს ადრე მიღწეული შეთანხმებები, რადგან “შემდგომ შეთანხმებებს აზრი ეკარგება“. 


მან ეუთოს პოლიტიკურ მრჩეველთან გამართულ ცალკე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოხუმი დამოუკიდებლობისაკენ აღებულ კურსს არ გადაუხვევს, “დამოუკიდებლად იმისა, როგორ გადაწყდება კოსოვოს საკითხი“.

Back to top button