skip to content
ახალი ამბები

კომპანია „ბადაგონს“ სამტრესტის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

ღვინის მწარმოებელი კომპანია “ბადაგონი” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის “სამტრესტის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. “სამტრესტმა“ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო ფალსიფიცირებულია.


“ჩვენი იტალიელი კოლეგების და მათი ადვოკატების მონაწილეობით მივიღებთ ზომებს, რათა დავიცვათ კომპანიის კანონიერი ინტერესები სასამართლოს გზით. ჩვენი სასამართლოში დაპირისპირება შეეხება, პირველ რიგში, სამტრესტს და მის თანამდებობის პირებს, რომელთაც ეჭვი შეიტანეს ჩვენი პროდუქციის ხარისხში, რასაც მოყვა კომპანიის პროდუქციის ნაწილის დაღვრა იმ მოტივით, რომ ის ფალსიფიცირებული იყო“, – განაცხადა კომპანია “ბადაგონის“ დირექტორმა პაატა დარცმელიამ 15 ნოემბერს გამართულ პრესკონფერეციაზე.


კომპანია „”ბადაგონის“ ღვინის ქარხნის გახსნის ცერემონიას, რომელიც 12 მილიონი ევროს ოდენობის იტალიური ინვესტიციით აშენდა, 27 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაესწრო და განაცხადა, რომ “ახლადგახსნილი ულტრათანამედროვე ქარხანა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯი“ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ემბარგოს ფონზე.


14 ნოემბერს ფინანსური პოლიციის და სამტრესტის წარმომადგენელთა მიერ ქარხნის დალუქვის შემდეგ ორი ცისტერნა ღვინო – 100 ტონაზე მეტი – იქნა გადაღვრილი.


სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა 15 ნოემბერს ასევე განაცხადა, რომ ეს ღვინო ფალსიფიცირებული იყო.


ცისკარიშვილის თქმით, ეს განცხადება ქართული კერძო ლაბორატორიის შპს “მულტიტესტის“ მიერ ღვინის სინჯების შემოწმების შედეგებს ეყრდნობა.


“ბადაგონი ამ ბრალდებებს სერიოზულად არ აღიქვამს. ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებს, შეამოწმონ ჩვენი პროდუქცია ნებისმიერ საერთაშორისო ლაბორატორიაში. ჩვენ გვაქვს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ჩვენი პროდუქცია შემოწმებულ იქნა საერთაშორისო დონის ექსპერტების მიერ იტალიაში, რომელთაც დაადასტურეს, რომ ღვინო მაღალი ხარისხისაა“, – განაცხადა დარცმელიამ. 


მან განაცხადა, რომ არ სურს დაიჯეროს, რომ ეს იყო არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამო გადადგმული ნაბიჯი.


“მე ალბათ უფრო მივაწერდი ამას საშუალო დონის სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულებრივ დაუდევრობას“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button