
სამხრეთ ოსეთში სტატუს ქვოს შეცვლის ნიშნები ჩნდება
იმ ფონზე, როცა დასავლურმა სახელმწიფოებმა ერთმნიშვნელოვნად დაგმეს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული არჩევნები, მოსკოვმა თითქმის აღიარა მათი ლეგიტიმურობა განაცხადა რა, რომ დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი იყო ოსი ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვა “დემოკრატიული პროცედურების“ მეშვეობით.
“როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოში და რიგ დასავლურ სახელმწიფოებში ამ პროცესის მნიშვნელობის დაკნინებას, ამას მაინც ნიშანდობლივი ხასიათი აქვს. ამის მხედველობაში არ მიღება არაშორსმჭვრეტელური იქნება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს.
ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური მიმოხილველი აცხადებს, რომ მოსკოვი ამ ეტაპზე თავს იკავებს პირდაპირი აღიარებისგან, მაგრამ რეფერენდუმს მომავალში “უნივერსალურობის” პოლიტიკის განხორციელების იარაღად გამოიყენებს, კერძოდ, შეეცდება კოსოვოს პრეცედენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მიმართ გამოიყენოს.
ამ ფონზე, თბილისისადმი ლოიალურად განწყობილი “ალტერნატიული მთავრობის” შექმნა, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი უხელმძღვანელებს, საქართველოს ხელისუფლების კონტრნაბიჯად აღიქმება.
“ალტერნატიული მთავრობა“, სავარაუდოდ, იმის დამამტკიცებელი არგუმენტი იქნება, რომ სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში “განსხვავებული ხმაც“ არსებობს, რა პოზიციაც გასათვალისწინებელია კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
ამგვარი პოლიტიკა ნათელი მცდელობაა იმისა, რომ ცალმხრივად შეიცვალოს კონფლიქტის ზონაში არსებული სტატუს ქვო. ეს უპირატესობას მიანიჭებს თბილისს თავის მოთხოვნებში, შეიცვალოს მოლაპარაკებების ოთხმხრივი ფორმატი, რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს. საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ფორმატი “მოძველებული და არაეფექტურია“.
იმან, რომ თბილისმა შესაძლოა უპირატესობა მოიპოვოს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ დიპლომატიურ პოზიციაში, უბიძგა მოსკოვს, რომ დაეგმო სამხრეთ ოსეთის “ალტერნატიული მთავრობის“ შექმნის მცდელობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ამან შესაძლოა სამხედრო კონფრონტაცია გამოიწვიოს. 13 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში კი რუსეთის საგარეო უწყება ამბობს , რომ ალტერნატიული არჩევნები “ავანტიურისტების“ მიერ იყო ორგანიზებული, რომლებმაც სცადეს ცხინვალის მიერ ჩატარებული “სამართლიანი“ არჩევნების ჩაშლა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ოფიციალურად როგორ სახეს მისცემს თბილისი “ალტერნატიულ მთავრობასთან“ ამჟამად არსებულ არაფორმალურ ურთიერთობებს. ჯერ–ჯერობით გაურკვეველი რჩება დაფინანსების საკითხებიც.
არაოფიციალური ინფორმაციით, “ალტერნატიული მთავრობის“ შტაბბინა ქართულ სოფელ ქურთაში, ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრში, განთავსდება.
საერთაშორისო გამოხმაურება
ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მ და ასევე ევროპის საბჭოს და ეუთოს თავმჯდომარეებმა უკვე დაგმეს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნები.
ეუთო არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის რეგიონში რეფერენდუმის ან რაიმე არჩევნების შედეგებს და მას “კონტრპროდუქტიულად“ მიიჩნევს, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 13 ნოემბერს.
“რეფერენდუმი ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ევროკავშირს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება არ იძლევა ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვის საშუალებას“, – ნათქვამია ევროკავშირის ფინური თავმჯდომარეობის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
“შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. უფრო მეტიც, არჩევნებმა არანაირად არ შეუწყო ხელი ვითარების მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით მოგვარების საქმეს, ხოლო გარემოებები რის ფონზეც რეფერენდუმი წარიმართა, განსაკუთრებით ის, რომ ეთნიკურ ქართველებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, ხდის მას შეუსაბამოს თუნდაც ნების გამოხატვის კუთხით“, – განაცხადა
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმს ტერი დევისმა 12 ნოემბერს.
“ნატოს სახელით, მე ვუერთდები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებს საქართველოს სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი “რეფერენდუმის“ და “არჩევნების“ დაგმობაში. ამგვარი ქმედებები არანაირ მიზანს არ ემსახურება გარდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაძაბულობის გამწვავებისა“, – აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში .
თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი არჩევნები მხოლოდ “დაძაბულობის გაღვივებას და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისგან ყურადღების გადატანას შეუწყობს ხელს“, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.