ახალი ამბები

ნოღაიდელი მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, 13 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობაში ცვლილებები აღარ იგეგმება.


“მთავრობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები ორი თუ სამი დღის წინ და ვარაუდები კიდევ მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე უაზრობაა“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


ქართული მედია 13 ნოემბერს იტყობინება, რომ მოსალოდნელია დეპუტატ ნიკა გვარამიას დანიშვნა იუსტიციის მინისტრის პოსტზე, რომელიც ამ თანამდებობაზე გია ქავთარაძეს შეცვლის. ამავე ვერსიებით, ასევე იგეგმება ჯანდაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის გათავისუფლება თანამდებობიდან და გარემოს დაცვის მინისტრის დავით ტყეშელაშვილის დანიშვნა კონტროლის პალატის თავმჯდომარედ.


მთავრობაში ცვლილებები 10 ნოემბერს განხორციელდა, რის შედეგადაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ეკონომიკის მინისტრი გახდა. მან ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩოგოვაძე შეცვალა. ეს უკანასკნელი საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალურ დირექტორად დაინიშნა დავით ინგოროყვას ნაცვლად. სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი პრეზიდენტის რწმუნებული გახდა გურიაში. ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button