ახალი ამბები

ცხინვალი: არჩევნებზე “საერთაშორისო დამკვირვებლები“ ჩამოდიან

11 ნოემბერს ცხინვალში რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფი ჩავიდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.   


ამავე ინფორმაციით, დამკვირვებელთა 34-წევრიანი გუნდი, რომელსაც ალექსეი მარტინოვი ხელმძღვანელობს, არჩევნებს 78 საარჩევნო უბანში დააკვირდება.


ალექსეი მარტინოვი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თანამეგობრობის მდივანია – ეს ორგანიზაცია თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ლიდერებმა 2006 წლის ივნისში შექმნეს.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ასევე იტყობინება, რომ დამკვირვებელთა ჯგუფში ასევე შევლენ დამკვირვებლები უკრაინიდან ნატალია ვიტრენკოს ხელმძღვანელობით.


ნატალია ვიტრენკო უკრაინის პროგრესულ-სოციალისტური პარტიის ლიდერია. ვიტრენკო, რომელიც ცნობილია თავისი ანტი-დასავლური რიტორიკით, დნესტრისპირეთის საერთაშორისო აღიარებას ემხრობა.


“დამკვირვებელთა ჯგუფში ასევე შევლენ დამკვირვებლები ვენესუელადან, კოსოვოდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, იორდანიიდან, ავსტრიიდან და შვედეთიდან“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დეტალების დაზუსტების გარეშე.       


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button