
რუსეთის პოზიციის გამო ევროპის საბჭოში სამხრეთ ოსეთზე განცხადება ვერ მიიღეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში 12 ნოემბერს დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების დაგმობის შესახებ განცხადების მიღება რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო, აცხადებს 9 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ განცხადების მიღებას მხოლოდ რუსეთი ეწინააღმდეგებოდა მაშინ, როცა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირმა, სუამმა და ყველა სხვა პარტნიორმა ქვეყანამ ევროპის საბჭოს ფარგლებში.
“რუსეთის მოქმედებამ კვლავ დაადასტურა, ის ფაქტი რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესში იგი არ არის მიუკერძოებელი მხარე და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა, თუ რა პრობლემებს აწყდება საქართველო მოლაპარაკების არსებულ ფორმატში, რაც ამ ფორმატის შეცვლის გარდაუვალ აუცილებლობაზე მიუთითებს. აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო რომ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისათვის საჭიროა კონფლიქტების მოგვარების პროცესში რუსეთის როლის დაბალანსება სხვა საერთაშორისო მონაწილეების მხრიდან“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კონსტრუქციული როლი ითამაშოს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.