skip to content
ახალი ამბები

თბილისი სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ კონფერენციას მასპინძლობს

თბილისში 4 ნოემბერს ეუთოს მისიის მიერ დაფინანსებული ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა, სადაც ეკონომიკური ექსპერტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან რეგიონში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების გზებს განიხილავენ. 


ეუთოს ცნობით, ეკონომიკური ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან გაანალიზებენ არსებულ საინვესტიციო გარემოს და მის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.


“ბიზნესის განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა კონფერენციაზე.


“ვიმედოვნებთ, რომ ხელს შევუწყობთ დიალოგს, რაც გააუმჯობესებს ვაჭრობას, დაეხმარება ეკონომიკურ ინტეგრაციას და ხელს შეუწყობს ინვესტიციებს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში. ამგვარი რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის გზით, სომხეთიც, აზერბაიჯანიც და საქართველოც მოგებული დარჩება“, – დასძინა როი რივმა.  


თბილისის კონფერენცია არის ეუთოს მისიის იმ ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას დიალოგის, პოლიტიკის განვითარებისა და თანამშრომლობის მხარდაჭერის გზით. კონფერეციას ასევე აფინანსებენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ევრაზიის ფონდი.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button