
ოპოზიცია პარტიების დაფინანსებაზე უმრავლესობის ინიციატივას არ ეთანხმება
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დღეს განიხილა კანონპროეტი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომელიც მმართველი პარტიის განცხადებით, პარტიების დაფინანსებას გამჭვირვალეს გახდის, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ კანონპროეტი მათი დაფინანსების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
დეპუტატს მმართველი პარტიიდან რატი სამყურაშვილს ამ ცვლილებების ინიცირებაზე უბიძგა კონსერვატორების ლიდერის კობა დავითაშვილის შემთხვევამ, როცა მან პარტიული შემოწირულობის სახით 20 ათასი აშშ დოლარი აიღო და ასევე იგორ გიორგაძის პარტიის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებაზე არსებულმა ეჭვებმა.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, პარტიის მიერ საწევრო შენატანების, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიული პირთა შემოწირულობების მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მეშვეობით და ყოველი ასეთი შენატანი უნდა იყოს გამჭვირვალე და დასაბუთებული. თუ ეს პირობები დაირღვევა პარტიას სამი წლით ჩამოერთმევა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ამასთან, კანონპროეტი არ კრძალავს თანხის გადახდის სანაცვლოდ კანდიდატის პარტიის საარჩევნო სიაში ჩასმას, თუმცა ეს ამომრჩევლისათვის ცნობილი უნდა იყოს.
უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ ინიციატივის ერთადერთი მიზანი არის პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ დაფინანსებაში ანონიმურობის პრინციპის გაუქმებით, ოპოზიციისთვის ისედაც შეზღუდული ფინანსები კიდევ უფრო შემცირდება.