
თბილისი რუსეთის გეგმას გაზის ფასის გაორმაგების თაობაზე პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს
ქართული მხარის განცხადებით, რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომის“ განზრახვა გაზის ფასის ორჯერ მეტით – 1000 კუბურ მეტრზე 230 აშშ დოლარამდე – გაზრდის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც თბილისზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.
რუსული საინფორმაციო სააგენტოები 2 ნოემბერს ინტენსიურად იტყობინებიან, რომ “გაზპრომი“ აპირებს 2007 წლიდან საქართველოსთვის გაზის ღირებულება 109%–ით გაზარდოს. ამჟამად, გაზის ღირებულება 110 აშშ დოლარს შეადგენს 1000 კუბურ მეტრზე.
თუმცა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხეთაგურმა 2 ნოემბერს “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ ქართულ მხარეს “გაზპრომის“ ოფიციალური წინადადებები ჯერ არ მიუღია.
თბილისის გაზის გამანაწილებელმა კომპანიამ “ყაზტრანსგაზმმა“ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მიმდინარეობს “გაზპრომთან“ გაზის ფასის შესახებ მოლაპარაკებები და საბოლოო შეთანხმებას, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში მოეწერება ხელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, 2 ნოემბერს განაცხადა, რომ 230 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე პოლიტიკური ფასია და “გაზპრომის“ ამგვარი გადაწყვეტილება “სავსებით მოსალოდნელი“ იყო.
“ჩვენ უნდა ვნახოთ საიდან არის ეს ფასი, რატომ არის ეს ფასი იგივე, რაც აღმოსავლეთ ევროპაში, რატომ გამოდის ისე, რომ საქართველო, რომელიც უფრო ახლოს იმყოფება [რუსეთთან] და სატრანზიტო გადასახადი არ უნდა იყოს ისეთი ძვირი, როგორც არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ანუ ეს არის ტექნიკური მოლაპარაკებების საგანი, სავსებით მოსალოდნელი იყო ეს შედეგი“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
“ჩვენ უნდა მივაღწიოთ კომერციულ შედეგს, ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებია. მაგრამ ამ ფასში უდიდესი წილი მოდის პოლიტიკაზე და არა ეკონომიკაზე“, – დასძინა მან.
“გაზპრომმა“ საქართველოსთვის გაზის ღირებულება 60 აშშ დოლარიდან [1000 კუბურ მეტრზე] 110 აშშ დოლარამდე 2006 წლის იანვრიდან გაზარდა. მაშინაც, ოფიციალურმა თბილისმა რუსეთი “პოლიტიკურად მოტივირებული“ ფასის დაწესებაში დაადანაშაულა.
“ამან შესაძლოა ეკონომიკური ზრდა 2%-ით შეამციროს. მაგრამ, არა მგონია გაზის ფასის ორჯერ მომატებამ რაიმე სერიოზული დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 2 ნოემბერს.
230 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრზე ყველაზე დიდი ფასი იქნება დსთ-ს ქვეყნებში. რუსულ გაზეთ “კომერსანტის“ ცნობით, უკრაინა “გაზპრომისგან“ გაზს 130 აშშ დოლარად, ხოლო მოლდოვა – 170 აშშ დოლარად იძენს.
მოსკოვში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 1 ნოემბერს თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს და რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს შეხვდა.
“კონკრეტულ შედეგებს მე არც ველოდებოდი ამ შეხვედრიდან. მთავარი რაც მოხდა – დიალოგი გრძელდება“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა 2 ნოემბერს.
მისი თქმით, დიალოგი უმაღლეს დონეზე გაგრძელდება, როდესაც დსთ-ს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი მინსკში თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ის კონტაქტი, რომელიც მოხდება ორ პრეზიდენტს შორის მინსკში იყოს მაქსიმალურად შედეგიანი, რათა ორ პრეზიდენტს შეეძლოს ერთმანეთს უთხრან ის, რაც უნდა უთხრან“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
მისი თქმით, მოსკოვში ვიზიტის დროს ქართულმა მხარემ ნათლად მიანიშნა, რომ თბილისი დაჟინებით მოითხოვს ორმხრივ მიდგომებს მოლაპარაკებების პროცესში.
“რუსეთის მხარემ გაიგო ჩვენი პოზიცია, ჩვენც ყოველ შემთხვევისთვის მოვისმინეთ ის, რაც ეცადეს, რომ ჩვენ გაგვაგებინონ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მუშაობას“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
გაზეთი “კომერსანტი“ 2 ნოემბერს წერს , რომ “გაზპრომის“ გადაწყვეტილებამ ორჯერ მეტით გააძვიროს გაზის ღირებულება საქართველოსთვის დაადასტურა, რომ მოსკოვი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას საქართველოსთან დაპირისპირებაში.