
სოხუმს კოდორის ინციდენტზე გაეროს დამკვირვებელთა გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ეჭვი შეიტანა გაეროს დამკვირვებელთა გამოძიების ობიექტურობაში, რომლითაც დადასტურდა, რომ 25 ოქტომბერს ზემო კოდორის ხეობის სოფელ აჟარის მახლობლად მართლაც ჩამოვარდა “გრადის“ ტიპის ჭურვები, რომლებიც ტყვარჩელიდან არ ყოფილა ნასროლი.
აფხაზური მხარის ძირითადი პრეტენზიები უკავშრდება იმ ფაქტს, რომ 26 ოქტომბრიდან გაეროს დამკვირვებლებმა გამოძიების პროცესი დამოუკიდებლად, რუსი სამშვიდობოებისა და აფხაზური მხარის მონაწილეობის გარეშე ჩაატარეს, რაც, მათი თქმით, ერთობლივი ჯგუფის შესახებ პროტოკოლის დარღვევაა.
“ამ ფორმატის დაცვის გარეშე, გამოძიება ვერ იქნება შესაბამისობაში მოსკოვის შეთანხმების დარღვევების გამოვლენისა და გამოძიების ერთობლივი ჯგუფის მანდატთან და მის შედეგებს არ შეიძლება ობიექტურობაზე პრეტენზია ჰქონდეს ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო“, – იუწყება 1 ნოემბერს “აფსნიპრესი“ დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.
მას შემდეგ, რაც გაეროს დამკვირვებელთა მისიის გამოძიების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელ აჟარის მიმართულებით ჭურვები თვითნაკეთი დანადგარით ახლომდებარე ფერდობიდან ისროლეს, აფხაზურმა ტელევიზიამ 1 ნოემბერს გაავრცელა საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი ემზარ კვიციანის ვიდეო–მიმართვა, სადაც ის თავის თავზე იღებს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც კოდორის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა.
“ეს იყო ჩვენი შეტაკება დღევანდელ ფაშისტურ სახელმწიფოსთან, სააკაშვილის ხელისუფლებათან და ჩვენ გავაფრთხილეთ უკვე საქმით“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
კვიციანი ასევე აცხადებს, რომ ის კოდორის ხეობაში იმყოფება და არსად წასვლას არ აპირებს. თუმცა საქართველოს ხელისუფლება მისი ხეობაში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს.
მას შემდეგ, რაც ამბოხებული ემზარ კვიციანი საქართველოს ხელისუფლების საპოლიციო სპეცოპერაციის შედეგად ივლისის მიწურულს ხეობიდან გაიქცა და კოდორში სახელისუფლებო ძალები განლაგდნენ, მან პირველი ვიდეო–მიმართვა სექტემბერში გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას პარტიზანული მოქმედებებით დაემუქრა.