skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში უმცირესობის შექმნაზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურ კონსულტაციებს მართავს უმცირესობის შექმნის საკითხებზე, თუმცა უმრავლესობაში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს.


საპარლამენტო უმცირესობის შექმნის შემთხვევაში ოპოზიციას ეყოლება ერთი ვიცე–სპიკერი და უმცირესობის ლიდერი.  ჯერ–ჯერობით უცნობია ვის მოიაზრებს ამ თანამდებობებზე ოპოზიცია. სხვა საპარლამენტო თანამდებობებზე საკადრო ცვლილებები უმცირესობის შექმნას არ მოჰყვება.


უმცირესობის შესაქმნელად პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საჭიროა დეპუტატთა რაოდენობა (45 დეპუტატი), რომელიც აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა (89 დეპუტატი) რაოდენობის ნახევარს. თუმცა  ოპოზიცია დღევანდელ პარლამენტში სულ 35 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს მხოლოდ ერთი ფრაქცია  – ნაციონალური მოძრაობა, დემოკრატები – 132 წევრით. 


აქედან გამომდინარე განიხილება უმცირესობის შექმნის ორი გზა: ერთი, ცვლილებების შეტანა რეგლამენტში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას – მრეწველებსა და ახალ მემარჯვენეებს –  ავტომატურად მიანიჭებს უმცირესობის სტატუსს და მეორე გზაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ოფიციალურად შეუერთდეს ფრაქცია “მაჟორიტარები“, რათა უმცირესობის შექმნისთვის 35 ოპოზიციონერი დეპუტატი საკმარისი გახდეს.


მაგრამ ფრაქცია “მაჟორიტარების“ ლიდერს ბესო ჯუღელს უმრავლესობაში შესვლის სურვილი ამ ეტაპზე არ გააჩნია.


ოპოზიცია აცხადებს, რომ უმცირესობის შექმნა უნდა იყოს კანონით გარანტირებული და არა უმრავლესობის სურვილზე დამოკიდებული.


უმრავლესობის წევრთა ნაწილი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, არ ეწინააღმდეგება უმცირესობის შექმნის ინიციატივას, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ოპოზიციამ სულ ახლახანს შეწყვიტა ხანგრძლივი საპარლამენტო ბოიკოტი.


თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატთა ნაწილი რეგლამენტში ცვლილებების შეტანის გზით უმცირესობის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ოპოზიციას ეს მხოლოდ თანამდებობების მისაღებად სჭირდება.


“მე ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ, ეს არის ნორმა იმის თაობაზე, როგორ უნდათ მათ თანამდებობები და როგორ უნდა დაეხმაროს მათ ამაში უმრავლესობა“, – აცხადებს უმრავლესობის წევრი ნიკა გვარამია.


ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოწვეულია იმით, რომ უმცირესობის შექმნის საკითხზე ჯერ პრეზიდენტს გადაწყვეტილება არ მიუღია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button