
ბეჟუაშვილი რუსული გაზის პოლიტიკურ ფასზე საუბრობს
დღეს მოსკოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “სავსებით მოსალოდნელი“ იყო “გაზპრომის“ გადაწყვეტილება საქართველოსთვის მომავალი წლიდან გაზის საფასურის გაორმაგების თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ “ამ ფასში მეტი წილი ეკუთვნის პოლიტიკას, ვიდრე ეკონომიკას“.
ინფორმაცია 2007 წლიდან საქართველოსთვის 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასის 110 –დან 230 აშშ დოლარამდე გაზრდის თაობაზე “გაზპრომის“ წყაროებზე დაყრდნობით მას შემდეგ გავრცელდა, რაც გელა ბეჟუაშვილმა 1 ნოემბერს მოლაპარაკებები გამართა თავის რულ კოლეგასთან სერგეი ლავროვთან.
“ჩვენ უნდა ვნახოთ საიდან არის ეს ფასი, რატომ არის ეს ფასი იგივე, რაც აღმოსავლეთ ევროპაში, რატომ გამოდის ისე, რომ საქართველო, რომელიც უფრო ახლოს იმყოფება [რუსეთთან] და სატრანზიტო გადასახადი არ უნდა იყოს ისეთი ძვირი, როგორც არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ანუ ეს არის ტექნიკური მოლაპარაკებების საგანი, სავსებით მოსალოდნელი იყო ეს შედეგი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ კომერციულ შედეგს, ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებია“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.