ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი მოსკოვს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მოსკოვში იმყოფება, სადაც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება.


შეხვედრა, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში გაიმართება, პირველი მაღალი დონის შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის სექტემბერის ბოლოდან ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა.


“ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი და მზად ვართ გავითვალისწინოთ მოსკოვის ინტერესები კავკასიაში. მაგრამ იგივეს ველით რუსული მხარიდანაც. მოსკოვში მივემგზავრებით, რათა გავიგოთ რა უნდა რუსეთს“, – განუცხადა ბეჟუაშვილმა ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს, მოსკოვში გამგზავრების წინ.


BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება მიაღწიოს რუსული ეკონომიკური სანქციების მოხსნას.


ბეჟუაშვილს, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე, მოსკოვში ბაქოს გავლით მოუხდა გამგზავრება, რადგანაც საქართველოსთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი რუსეთმა 3 ოქტომბერს შეწყვიტა. 


რუსული საინფორმაციო სააგენტოები 31 ოქტომბერს კრემლის წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრაზე.


“გელა ბეჟუაშვილის მოსკოვში ჩამოსვლის წინ იხილებოდა საკითხი რუსეთის პრეზიდენტის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის თაობაზე. თუმცა, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა არ შეხვდეს მას“, – იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები “რია ნოვოსტი“ და “ინტერფაქსი“.

თუმცა ბეჟუაშვილმა უარყო ეს ინფორმაცია. “დაგეგმილი არ გვქონდა ეს შეხვედრა და არ ვიცი რატომ ავრცელებენ ამას რუსული სააგენტოები”, – განაცხადა ბეჟუაშვილმა 1 ნოემბერს.  

მან 31 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შეხვედრები რუსეთის ოფიციალურ პირებთან ასევე მიზნად ისახავს ნიადაგის მომზადებას პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი რუსი კოლეგის შესაძლო შეხვედრისთვის, რომელიც, შეთანხმების შემთხვევაში, მინსკში ნოემბრის ბოლოს დსთ-ს სამიტის პარალელურად გაიმართება.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე რამდენჯერმე გამოთქვა მზადყოფნა რუს კოლეგასთან მაღალი დონის შეხვედრისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 20 ოქტომბერს ფინეთში ევროკავშირი-რუსეთის არაფორმალური სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი “კმაყოფილია იმ სიგნალებით, რომელიც წარმოაჩენს თბილისის მზადყოფნას ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“. 

ამავდროულად, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ აუცილებელია თბილისმა დიალოგი აწარმოოს სოხუმთან და ცხინვალთან და ხელი მოაწეროს მათთან ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებებს.

საქართველო უარს აცხადებს ამ შეთანხმებების ხელმოწერაზე მანამ, სანამ კონფლიქტების ზონებში მოქმედ რუსულ სამშვიდობო ოპერაციებს საერთაშორისო ძალები არ ჩაანაცვლებენ.

“პირველ რიგში, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს – ხელი უნდა მოაწეროს კონფლიქტების მხარეებთან შეთანხმებებს…თუ საქართველო ამ გზას დაადგება და არა მუქარებისა და პროვოკაციების გზას, რასაც მუდმივად აქვს ადგილი, მაშინ ჩვენ ქვეყნებს შორის ატმოსფერო სრულიად სხვანაირი გახდება. რადგან ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლანდელი ასტმოსფერო არ ასახავს იმ ისტორიულ და კულტურულ ფესვებს, რომელიც ჩვენს შორისაა და მე ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მოვლენა უნდა იყოს“, – იუწყება “რია ნოვოსტი” იგორ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში 1 ნოემბერს უკვე შეხვდა თავის სომეხ კოლეგას ვარდან ოსკანიანს შავის ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალის ფარგლებში. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო სომეხი ბიზნესმენებიც ზარალდებიან, რადგანაც მათ, გავრცელებული ინფორმაციით, თავიანთი საიმპორტო მარშრუტების შეცვლა უხდებათ, რაც ხარჯებს 7%-იდან 20%-მდე ზრდის. 

Back to top button