
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ბეჟუაშვილთან შეხვედრაზე უარი თქვა
კრემლის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრაზე.
“გელა ბეჟუაშვილის მოსკოვში ჩამოსვლის წინ იხილებოდა საკითხი რუსეთის პრეზიდენტის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის თაობაზე“, – იუწყება 31 ოქტომბერს “რია ნოვოსტი“ კრემლის წყაროზე დაყრდნობით.
თუმცა ბეჟუაშვილმა უარყო ეს ინფორმაცია. “დაგეგმილი არ გვქონდა ეს შეხვედრა და არ ვიცი რატომ ავრცელებენ ამას რუსული სააგენტოები”, – განუცხადა ჟურნალისტებს მან 1 ნოემბერს.
გელა ბეჟუაშვილი მოსკოვში 31 ოქტომბერს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან მერაბ ანთაძესთან ერთად ჩავიდა.
ბეჟუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარლებში 1–2 ნოემბერს, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან.
“ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევების საკითხების წამოწევას, ჩვენ ვაპირებთ იმის თქმას, რომ დღევანდელი სიტუაცია და ბლოკადა, რომელშიც საქართველო მოქცეულია და ეს არის რუსეთის ცალმხრივი ქმედებები, არ შეესაბამება სამეზობლო ურთიერთობებს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ აღდგეს ორმხრივი ურთიერთობები ორ მეზობელს შორის…ბუნებრივია, ეს ურთიერთობები უნდა ეხმიანებოდეს იმ ძირითად ინტერესებს, რაც გააჩნია ორივე მხარეს“, – განაცხადა 31 ოქტომბერს გელა ბეჟუაშვილმა მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების წინ.
მისი განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებს ნოემბრის ბოლოს დსთ–ს ლიდერთა სამიტზე მინსკში გამგზავრებას, რომლის მოსამზადებელი საკითხებიც ასევე განიხილება მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებზე.
“ბუნებრივია, იქ შეხვედრა [ორი ქვეყნის პრეზიდენტების]იქნება ან კონტაქტი, ყოველი შემთხვევისთვის, თუ არა ცალკე შეხვედრა და ჩვენ უნდა მოვამზადოთ ეს შეხვედრა იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ რა ინტერესები გააჩნია საქართველოს რუსეთში და რა ინტერესები აქვს რუსეთს კავკასიაში“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.