ახალი ამბები

გივი თარგამაძე ჯავის რაიონში მომხდარ შეტაკებას პროვოკაციად აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე დღეს ჯავის რაიონში მომხდარი შეტაკების მაგალითზე აცხადებს, რომ თვითგამოცხადებულ რეგიონში “პროვოკაციები პერმანენტულ ხასიათს იძენს“. იგი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მონიტორინგის გაფართოებას.


31 ოქტომბერს მომხდარი შეტაკების თაობაზე ოსურმა მხარემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია ქართველ დივერსანტთა 4–კაციანი ჯგუფი, მოგვიანებით კი ეს ვერსია შეიცვალა და განაცხადეს, რომ ჯგუფი ჩეჩნური წარმოშობის იყო, რომლებიც თვითგამოცხადებულ რეგიონში პანკისის ხეობიდან მოხვდნენ. 


რუსულმა ტელეკომპანია “როსიამ“ შემთხვევის ადგილიდან გაავრცელა კადრები, სადაც გარდაცვლილებთან და იარაღთან ერთად ასევე ჩანდა ქართული წარმოების სიგარეტი და წიგნები, რომელზეც კომენტატორმა განაცხადა, რომ ვაჰაბიტური ლიტერატურა იყო.


“შემდეგ დაიწყეს აპელირება, რომ ეს ვაჰაბიტური წარმომავლობის ჩეჩნები არიან… მინდა გითხრათ, რომ აქაც სერიოზული უზუსტობაა დაშვებული, რადგან ვაჰაბიტები სიგარეტს არ ეწევიან… სპეკტაკლების დადგმა , რომელსაც ცდილობს ეს ხალხი, მათ არ ეხერხებათ, მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს არის ბოლო ვერსია, რომელსაც შემოგვთავაზებენ“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.


“ჩვენ გამოვთქვამთ სერიოზულ იმედს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ძალიან სერიოზულად შეაფასებს ამ ყველაფერს და მიხვდება სად არის მართალი და სად არის ტყუილი და ასევე გააგრძელებს  საქართველოს დახმარებას მთავარი მიმართულებით, რომ მონიტორინგი ამ [კონფლიქტურ] რეგიონებში იყოს ზედმიწევნით მაქსიმალური, ვინაიდან ეს ჩვენ ყველაზე უფრო გვჭირდება ამ პერიოდში, როცა პროვოკაციები ყოველდღიურია… და ვითხოვთ უფრო მეტ დახმარებას იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწაფად შეიცვალოს სამშვიდობო ფორმატი ამ რეგიონებში და რაც შეიძლება სწარფად იქნეს გაყვანილი რუსეთის ე.წ სამშვიდობო ძალები“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

Back to top button