ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადას უმცირებს, პარლამენტს კი უხანგრძლივებს

20 ოქტომბერს პარლამენტში შევიდა პრეზიდენტის  ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შემდეგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ითვალისწინებს. ეს მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ვადას მაქსიმუმ 5 თვემდე და მინიმუმ თვეზე ნაკლები დროით შეუმცირებს, პარლამენტს კი თავის უფლებამოსილებას მაქსიმუმ რვა და მინიმუმ ოთხი თვით გაუხანგრძლივებს.


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის 1 სექტემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება მაშინ, როცა 5 წლით არჩეულ მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ვადა 2009 წლის იანვარში, ხოლო პარლამენტს ოთხწლიანი ვადა 2008 წლის აპრილში ეწურება.


2008 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები – ამ დებულებას ითვალისწინებს პრეზიდენტის ინიცირებული კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილებება, რომელიც პარლამენტში ასევე 20 ოქტომბერს შევიდა. შედეგად აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების ვადაც ხანგრძლივდება, რადგან მას უფლებამოსილების ვადა 2008 წლის ივლისში ეწურება.


როგორც ჩანს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2008 წლის სექტემბერ–დეკემბრის შუალედში, ერთ დღეს გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არჩევნების  თარიღს პრეზიდენტი თავად განსაზღვრავს.


თუმცა ეს საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ერთჯერადი ხასიათისაა და მხოლოდ 2008 წლის არჩევნებს ეხება. ამის შემდეგ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩვეულებრივად, 5 წლის შემდეგ, “პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამი კვირით ადრე“ ჩატარდება, ნაცვლად ფიქსირებული აპრილის მეორე კვირისა, რასაც დღევანდელი კონსტიტუცია ითვალისწინებს. 


გარდა ამისა, საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის ძალაუფლების მცირედით შეზღუდვას ითვალისწინებს. პროექტში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა 4 წლის განმავლობაში ორჯერ დაითხოვა პარლამენტი, ავტომატურად დგება საკითხი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს.


კონსტიტუცია პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილებას ანიჭებს ორ შემთხვევაში: თუ პარლამენტი სამი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს ბიუჯეტის მიღებას; ან მას შემდეგ, რაც პარლამენტი უნდობლობას გამოუცხადებს მთავრობას და მისი გადაყენების თხოვნით მიმართავს პრეზიდენტს, შესაძლოა პრეზიდენტმა მთავრობის ნაცვლად, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღოს. 


საკონსტიტუციო ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია, რომ პრეზიდენტი ელჩების გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, მაშინ, როცა მოქმედი ნორმა ამ პროცედურისთვის პარლამენტის თანხმობას ითვალისწინებს.


ამას გარდა, კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს არ ექნება საერთო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა–გათავისუფლების პრეროგატივა და პრეზიდენტის კომპეტენცია სასამართლო ხელისუფლებაში კონსტიტუციური პოლიტიკის გატარებისას შემოიფარგლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობით.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები აზუსტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შერჩევის წესს, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც წარადგენს ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარეს, კანდიდატურა უნდა შეათანხმოს უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების გზით. გარდა ამისა, აჭარაში შეიქმნება კონტროლის პალატის ტიპის ორგანო, რომელიც კონტროლს გაუწევს ავტონომიურ რესპუბლიკაში სახსრების გამოყენებას.


პრეზიდენტის ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ორივე პროექტმა ერთთვიანი საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცედურა უნდა გაიაროს. ამ მიზნით პარლამენტმა 24 ოქტომბერს ორი დამოუკიდებელი კომისია შექმნა.


ძირითად საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კომისიას  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, ხოლო აჭარის თემაზე მომუშავე კომისიას თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი უხელმძღვანელებენ.


საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა და კომისიებში არ შეიყვანა რესპუბლიკური პარტიის ლიდერები დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი და ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე, რომელსაც 1995 წლის კონსტიტუციის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 


ოპოზიციის შეფასებით, შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები საკმაოდ სადავოა.


ოპოზიციონერმა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავამ მოითხოვა, საკონსტიტუციო ცვლილებები ექსპერტიზისათვის გაიგზავნოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაში. “ამ პროცედურისათვის პარლამენტის ოფიციალური მიმართვაა საჭირო“, – განაცხადა მან.

Back to top button