
სააკაშვილის მოულოდნელ ინიციატივას გარე ფაქტორებით ხსნიან
2008 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების მოულოდნელი ინიციატივით პრეზიდენტი სააკაშვილის თავის საპრეზიდენტო ვადას დაახლოებით რვა თვით კვეცს.
ოპოზიციის ლიდერებმა ეს ინიციატივა შეაფასეს, როგორც “პოპულარობის დაკარგვის გამო“ სააკაშვილის ადმინისტრაციის „შიში“.
თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, ამ ინიციტივის გახმოვანების მომენტი – რომელიც რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებს დაემთხვა – ნათელი ნიშანია იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება, ძირითადად, უცხოურ საფრთხეებს უკავშირდება.
თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლევან რამიშვილი სააკაშვილის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პირად ითვლება. მისი თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება რუსულ საფრთხეს.
“აუცილებელია, რომ მოხდეს შიდა პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია რუსეთთან ამ გამწავავებული ურთიერთობების ფონზე, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მისი ყოფნა–არ ყოფნის საკითხი დგას. უნდა მოხდეს იმ პოლიტიკური კაპიტალის გამოყენება, რაც ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვევნებმა აჩვენა ხელისუფლების მხარდაჭერის კუთხით“, – განუცხადა ლევან რამიშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 20 ოქტომბერს.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში უკრაინის სცენარის განმეორება შეუძლებელი გახადოს.
“გასათვალისწინებელია, რაც მოხდა უკრაინაში რუსეთის დაუფარავი მონაწილეობის შედეგად… არც 1921 წელს ჰყავდა დასაყრდენი საქართველოში [რუსეთს], თუმცა კარგად ვიცით, რაც მოხდა[ბოლშევიკური ოკუპაცია]“, – განაცხადა რამიშვილმა.
“რუსეთს ყველა პოლიტიკურ პარტიაში ჰყავს თავისი დასაყრდენი, რომლებიც ღიად თუ ფარულად რუსეთთან თანამშრომლობენ და მათი რიცხვი დღეს უფრო მეტია, ვიდრე ზედაპირულად ჩანს“, – განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ “აუცილებელია ლუსტრაციის კანონის მიღება, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს დაავალდებულებს საჯაროდ აღიაროს თავისი კავშირები“ რუსეთთან.
რამიშვილმა ასევე განაცხადა, რომ კრემლი სერიოზულად განიხილავს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების სცენარს, რადგანაც ეს ერთადერთი გზაა აიძულო თბილისი შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი.
“რუსეთი სხვადასხვა მეთოდით შეეცდება თავისი ზრახვების განხორციელებას საქართველოში. ყველაზე დიდი საფრთხე არის პირდაპირი შეიარაღებული აგრესია… მხედველობაშია მისაღები ასევე საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, რომელიც 2008 წელს იმართება… რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც მართავენ რუსეთს, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საგარეო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაზე ააგებენ. უკრაინა ასეთი მტერი უკვე აღარ არის და რჩება საქართველო“, – განაცხადა რამიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი ასევე შეეცდება კოსოვოს მაგალითის გამოყენებას და შესაძლოა აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რასაც სავარაუდოდ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, “ამას შესაძლოა მხარდაჭერის დასამტკიცებლად მიბაძონ ბელარუსმა, ვენესუელამ და ამ ტიპის ქვეყნებმა“. ამასობაში კი, მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი ყურადღება მთლიანად გადატანილი იქნება ახლო აღმოსავლეთსა და ირანზე.
“სწორედ ამ ფონით არის განპირობებული პრეზიდენტის გადაწყვეტილება ერთად ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული ფორმით აქციოს ერთგვარ რეფერენდუმად დამოუკიდებლობის თაობაზე. ეს, ერთის მხრივ, განაპირობებს ქართული სახელმწიფოებრიობის ირგვლივ კონსოლიდაციას და მეორეს მხრივ, გაადვილდება რუსული აგრესიის თავიდან აცილება, რომელიც ვიმეორებ, რომ ძალიან რეალურია“,- განაცხადა რამიშვილმა.
“ეს ორი წელი ყველაზე რთული პერიოდი იქნება საქართველოს ისტორიაში. თუ ამ პერიოდში მოვახერხებთ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას და რუსული აგრესიის თავიდან აცილებას, გადავრჩებით“ – დასძინა მან.
თავად სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილების მოტივად “წელიწადში ერთხელ“ არჩევნების ჩატარებით “დროისა და ენერგიის ტყუილად ხარჯვა“ დაასახელა.
“ახლანდელი საპრეზიდენტო ვადა შვიდი ან რვა თვით შემცირდება; მაგრამ რადგანაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით, უმჯობესია [საპრეზიდენტო და საპარლამენტო] არჩევნები ერთდროულად ჩავატაროთ“, – განაცხადა სააკაშვილმა 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ოპოზიციის რეაქცია
ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დაგმეს პრეზიდენტის ინიციატივა.
“ეს არის გზა საქართველოს თურქმენიზაციისკენ და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 20 ოქტომბერს.
მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მრავალი შიშით არის გამოწვეული, მათ შორის იმითაც, რომ ქართველი ამომრჩეველი სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოხატავს პრეზიდენტის და მმართველი ელიტის მიმართ, მაშინ როცა ოპოზიციის მხარდაჭერა იზრდება.
რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, სააკაშვილს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იმისთვის სურს, რომ პოტენციურმა კონკურენტებმა, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში და ხელისუფლებაში არიან, ვერ შეძლონ 2008 წელს, სავარაუდოდ გაზაფხულზე, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. რესპუბლიკელები შესაძლოა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს გულისხმობდნენ, რომელსაც საპრეზიდენტო ასაკი – 35 წელი – 2008 წლის ნოემბერში უსრულდება.
ოპოზიციის სხვა ლიდერების მიერ გაკეთებული კომენტარები უსუფაშვილის განცხადებების ანალოგიურია.
“[2008 წლის] საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტიისთვის ხმების უმრავლესობის მოპოვებას რეალური საფრთხე ემუქრება და ამ მძიმე ბედის ფონზე ძალიან ცუდი სიტუაცია ექმნებოდა სააკაშვილის მეორე ვადას. აქედან გამომდინარე მათ მოიფიქრეს ხრიკი, რომ დაზოგონ ფული არჩევნების ერთდროულად ჩატარებით. სააკაშვილმა თავის ვადის შემცირება მეორე საპრეზიდენტო ვადის გარანტირების მიზნით გადაწყვიტა“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ “ახალი მემარჯვენეებიდან” 20 ოქტომბერს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტრადიციულ რიტორიკას არც ამჯერად უღალატა და სააკაშვილის გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში “მფარველებს“ დაუკავშირა.
“ამ ამორალური გადაწყვეტილებით … სააკაშვილს სურს ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში მოასწროს ხელმეორედ სახელმწიფოს მეთაურად მოსვლა“, – განაცხადა ნათელაშვილმა 20 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეს “აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებებია. ისინი [ოპოზიციური პარტიები] ჯერ კიდევ შოკში არიან ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რაც არის მიზეზი მათი აბსოლუტურად უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებებისა“.
“ეს არის იდეა, რომელზე ფიქრიც ნამდვილად შეიძლება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი [უფლებამოსილების] ვადის შემცირების თაობაზე არის დათმობა პრეზიდენტის მხრიდან იმის ხარჯზე, რომ ქვეყანა გადავიდეს პერმანენტული საარჩევნო პროცესიდან მეტ-ნაკლებად სამუშაო რეჟიმში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
წინა საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის 4 იანვარს გაიმართა, რომელიც ასევე ვადამდელი იყო მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტ შევარდაძის ხელისუფლება 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ გზით შეიცვალა. შევარდაძეს საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ორი წელი რჩებოდა.
შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები, მოქმედი კონსტიტუციით, 2009 წლის აპრილისთვის არ განსაზღვრული.
კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს ხუთ წელიწადში ერთხელ აპრილის მეორე კვირა დღეს. კონსტიტუციაში ასევე ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნები პარლამენტის ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 15 დღით ადრე უნდა გაიმართოს. მოქმედი პარლამენტის პირველი შეკრება 2004 წლის 22 აპრილს შედგა.
სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია; მაგრამ, თუ საპარლამენტო არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო დებულება ძალაში დარჩება, ორივე არჩევნები 2008 წლის შუა გაზაფხულს უნდა გაიმართოს.