skip to content
ახალი ამბები

საქართველომ დსთ–ს შეხვედრაზე რუსეთი გააკრიტიკა

16 ოქტომბერს მინსკში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთი საქართველოს მიმართ ბოლო დროს გატარებული “არაადეკვატური“ პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და  კონფლიქტების დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატის შეცვლის საკითხი დააყენა.


ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე.


თავის გამოსვლაში გიორგი მანჯგალაძემ დსთ-ს სახელმწიფოებს მოუწოდა, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ქმედებები, “რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და დსთ-ს ფარგლებში თანამშრომლობის ფუძემდებლურ პრინციპებს და მოუწოდონ რუსეთის მხარეს, დაუბრუნდეს დაგროვილი პრობლემების კონსტრუქციულ განხილვასა და გადაჭრას“. 


გარდა ამისა დსთ–ს სხდომაზე გავრცელდა სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) განცხადება, სადაც სუამი მოუწოდებს დსთ–ს სხვა წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებული კრიზისის დაძლევისაკენ მიმართულ ძალისხმევას.


“სუამი, ასევე მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივებს მის ტერიტორიაზე კონფლიქტების დარეგულირების თაობაზე, კერძოდ მოლაპარაკებათა ფორმატისა და სამშვიდობო ოპერაციის გაფართოებისაკენ მიმართულ წინადადებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button