ახალი ამბები

პუტინი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე საუბრობს

გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი პირდაპირ ეხება რუსეთს, რადგანაც ოსი ხალხი “ორად იქნა გაყოფილი“ და “ახლა ოსი ხალხის ნაწილი რუსეთში“ – ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს.


„იცით თქვენ და თქვენმა მკითხველმა, რომ ოსი ხალხი აცხადებს, რომ უახლეს ისტორიაში ეთნიკური წმენდა ორჯერ მოხდა ოსეთში? და ისინი ამას საქართველოს მიერ განხორციელებულ გენოციდს უწოდებენ. ეს [გასული საუკუნის] 20-იან და 80-იან წლებში მოხდა. ეს არის მთავარი პრობლემა“, – განაცხადა პუტინმა ინტერვიუში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული. 


პუტინმა განაცხადა, რომ საქართველო მიიჩნევა, როგორც „რეგიონალური ტიპის მიკროიმპერია“.


“რაც შეეხება ოსეთს, საბჭოთა პერიოდში ეს რესპუბლიკა ორ ნაწილად გაიყო – ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანია ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის და მეორე ნაწილი საქართველოს გადაეცა, რომელსაც დღეს სამხრეთ ოსეთი ეწოდება. დღეს ეს ერთიანი ხალხი გაყოფილი აღმოჩნდა. იგივეა, რაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემთხვევაში მოხდა. ეს უკანასკნელი მეორე მსოფლიო ომის შედეგი იყო, ხოლო რაც ახლა ხდება [კავკიასიაში] არის საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგი. ახლა ოსი ხალხი იგივე მდგომარეობაშია, როგორც გერმანელი ხალხი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა პუტინმა.


მისი თქმით, “ანალოგიურია მდგომარეობა აფხაზეთთან მიმართებაში“, რადგანაც ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ბევრ ერს მიაჩნია, რომ “ეთნიკურად ისინი ძალიან ახლო არიან აფხაზებთან“.


პუტინის განცხადებით, საჭიროა “ჰუმანიტარული და პოლიტიკურ-დიპლომატიური“ მიდგომა ორივე კონფლიქტის მოსაგვარებლად.


“ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ოსი ხალხის ნებაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. შეუძლებელია, აიძულო ისინი [ოსი ხალხი] ეს გააკეთონ. საჭიროა დიპლომატია, სიზუსტე და ჰუმანიტარული ღონისძიებები“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


მისი თქმით, მოსკოვმა ეს გზავნილი ბევრჯერ გააკეთა თბილისის მისამართით, “მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს პრობლემა სამხედრო გზით მოაგვარონ“.


პუტინმა აღნიშნა, რომ “საქართველოში განუზომელი მილიტარიზაცია მიმდინარეობს, თბილისი გამუდმებით არღვევს ადრე მიღწეულ შეთანხმებებს და კონფლიქტის ზონაში პროვოკაციებს აწყობს“.
 
“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესება დაეხმარება მათ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა მან.


პუტინმა უარყო, რომ რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკური სანქციები თბილისის პროდასავლურმა კურსმა განაპირობა.


“არა, ეს მართალი არ არის. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ არჩევანს… ადრე, საქართველომ ითხოვა, რომ რუსეთის იმპერიის ნაწილი გამხდარიყო [აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის იმპერიას 1801 წელს შეუერთდა]. ეს იყო ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველები, როგორც რუსები, მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან… რუსეთში ბევრი ქართველი მუშაობს და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ მათ რუსეთი ამოირჩიეს მეორე სამშობლოდ; მათ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით“, – განაცხადა პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი “ტოლერანტული იყო საქართველოს ანტირუსული რიტორიკის მიმართ, მაგრამ როდესაც მათ პროვოკაციული ქმედებები დაიწყეს – ჩვენი ოფიცრების დაპატიმრება – ჩვენ ამაზე პასუხი უნდა გაგვეცა”.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამხედრო ოფიცრების დაპატიმრება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მოხდა. “არ ვიცი, იყო თუ არა ეს დამთხვევა, მაგრამ დაუშვებელია, როდესაც შიდა პოლიტიკური პრობლემები ანტირუსული ისტერიის გაღვივებით წყდება“, – განაცხადა პუტინმა. 


პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებას და სამხედრო ბაზების გაყვანას საქართველოდან 2008 წლის ბოლომდე დაასრულებს. 

Back to top button